ახალი ამბები

ევსაქები, დროა, ენმ და სხვა პარტიები გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

22 აპრილი, 2021 • 2427
ევსაქები, დროა, ენმ და სხვა პარტიები გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

20-ზე მეტი პარტია, მათ შორის, „ევროპული საქართველო“, მოძრაობა „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და სხვები გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქმეში პოლიტიკური ქვეტექსტი ნათლად ჩანს.

წულაია ახლა წინასწარ პატიმრობაშია, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ღია წერილში წერია, რომ უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც „TV პირველმა“ ეთერში, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები გაუშვა. თუმცა, როგორც წერილში ვკითხულობთ, პროკურატურა ამით არ დაინტერესებულა.

„სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ, სიმბოლური სახით, გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“, — ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტია კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველო

განახლება: თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელმომწერებს შორის იყო პარტია „ლელოც“. შემდგომ თავად პარტიამ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ თავიდან გავრცელებული ცნობა არასწორია და პარტია ამ განცხადებას ხელს არ აწერს.


წულაია მარტში ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი