ახალი ამბები

მაჭარაშვილის თქმით, თუ ამნისტიაში დაზარალებულების თანხმობის მექანიზმი ჩაიდება, ეს მელიაზეც უნდა გავრცელდეს

22 აპრილი, 2021 • 1287
მაჭარაშვილის თქმით, თუ ამნისტიაში დაზარალებულების თანხმობის მექანიზმი ჩაიდება, ეს მელიაზეც უნდა გავრცელდეს

“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც  20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტში პოლიციელების შემთხვევაში დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის ჩადებას გულისხმობს. 

გურამ მაჭარაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა მსჯელობის საგანია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თუ კანონპროექტში მსგავსი დათქმა ჩაიდება, მაშინ ეს უნდა გავრცელდეს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზეც.

“ეგ [დათქმა] არის ის, რომ “არ მინდა მივიღო ამნისტიის კანონი”. ეგ არის ზუსტად არასერიოზულობა, არაკომპეტენტურობა, უპატივცემულობა საერთაშორისო პარტნიორების, რომ დოკუმენტზე ხელს უწერ, ვახშამზე ეთანხმები, გამოდიხარ და სხვა რამეს ამბობ, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა. მაშინ ყველა მუხლზე ეგრე უნდა გავრცელდეს [დათქმა]. მაშინ ვერც მელია გამოვა და ვერავინ ვეღარ გამოვა. მელიაზე ან სხვებზე ვინ მისცემს თანხმობას? ხომ არიან დაზარალებული პოლიციელები, როგორ გგონიათ, ის 80-ზე მეტი პოლიციელი მისცემს თანხმობას? ისინი თუ თვლიან, რომ პოლიციელებს არ მისცემენ თანხმობას, მაშინ არც ნიკა მელიას მისცემენ დაზარალებულები.

ცალ-ცალკე ხომ ვერ ჩაწერ? ამნისტია შეწყალებისგან მაგით განსხვავდება და ან უცოდინრობაა, ან შეგნებული უტიფრობა, შეწყალება კონკრეტულ პირებს ეხება და ამნისტია ინდივიდუალურ პირებს ვერ გაითვალისწინებს. კონკრეტული მუხლი ან მოვლენა უნდა იყოს მითითებული და, შესაბამისად, ყველაზე ვრცელდება. ეს მსჯელობის საგანია, მაგრამ ვისზეც გავრცელდება ეს ამნისტიის კანონი, ყველაზე უნდა იყოს ერთი და იგივე მიდგომა. ეს საჯაროდ განსახილველი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის. მე აქ უფრო ვხედავ იმას, რომ “არ მინდა მივიღო” ამნისტიის კანონი და ამას საერთაშორისო პარტნიორები გასცემენ პასუხს”,  – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიცია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაში დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის ჩადებაზე საუბრობს.

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, მისი და ბევრი კოლეგის აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში ამნისტიას დაემატოს დაზარალებული მხარის თანხმობის დათქმა. სამადაშვილის თქმით, აღნიშნულზე მსჯელობა საპარლამენტო განხილვებისას შედგება.

“ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული შეთანხმება ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება მთელი რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი