15-მდე ბიზნესორგანიზაცია პრემიერ-მინისტრს წერილს უგზავნის, სადაც ბიზნესსექტორში არსებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებს სთავაზობს და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა დღეს, 22 აპრილს ბრიფინგი გამართეს.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ორგანიზაციები პრემიერს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ.
“ქვეყანაში სამი უმძიმესი კრიზისი გაგვაჩნია: პოლიტიკური, ეკონომიკური და კოვიდკრიზისი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ. მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა შევთავაზოთ, როგორ შეიძლება კოვიდვითარებასთან ბრძოლა, როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისის გამოსწორება ისე, რომ არ დაზარალდეს საზოგადოება”, — განმარტა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბრიფინგზე ისუაბრეს ცალკეული სფეროების წარმომადგენლებმაც, რომლებიც მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ინდივიდუალურ გზებს სთავაზობენ.
სავაჭრო ცენტრების ასოციაციის წარმომადგენლის, ლევან ყარალაშვილის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესის ფუნქციონირებას უშლის ხელს, არის “კომენდანტის საათი”. მისი თქმით, ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად აუცილებელია ამ მხრივ პოლიტიკის გადახედვა — “კომენდანტის საათის” მოხსნა ან ვადის გადაწევა.
“იწყება ზაფხული, უნდა აღდგეს ტურისტული სექტორის მუშაობა, ამისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოქმედებისთვის საღამოს მეტი დრო და სივრცე არსებობდეს. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, მთავრობის დახმარების პაკეტები არ შეხებია ამ სექტორს, რომელიც ძალიან დაზარალდა. კონკრეტულად ჩვენი სპეციპიკიდან გამომდინარე, მთავრობას გვინდა შევთავაზოთ საგადასახადო საშეღავათო პაკეტის შემუშავება, რომელიც გამოაცოცხლებს ამ დარგს და თითქმის 25 ათასი ადამიანი, რომელიც ამ სექტორშია დასაქმებული, შეძლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას და უფრო სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი ბრუნვა”, — განმარტა ყარალაშვილმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ თუ მთავრობა ახალი შეზღდუვების დაწესებას დააპირებს, ამას დროულად შეატყობინებს ბიზნესს და არა “ორი დღით ადრე, როგორც ეს 2020 წლის ნოემბრის ბოლოს მოხდა”. მისი განცხადებით, ბიზნესი ხელისუფლებას ყოველდღიური პრობლემების ერთობლივად მოგვარებას სთავაზობს.
ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენელმა შალვა ალავერდაშვილმა. მისი განცხადებით, ტურიზმმა თანდათან დაიწყო გამოცოცხლება და მინიმალური რაოდენობით, თუმცა ტურისტები ქვეყანაში მაინც შემოდიან.
ალავერდაშვილის განმარტებით, როდესაც ტურისტებს ადგილების დაჯავშნა სურთ, შეკითხვას სვამენ, თუ რა ხდება ქვეყანაში კორონავირუსის და შეზღუდვების მხრივ. როდესაც მათ ეუბნებიან, რომ 9 საათის შემდეგ გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ძალიან ბევრი სტუმარი ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ამბობს. მისი თქმით, “კომენდატის საათის” მოხსნას სასტუმროებისა და რესტორენების სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ალავერდაშვილი სთავაზობს ხელისუფლებას, ერთად შეიმუშაონ შიდა სივრცეში მოქმედების გეგმა. ამასთან, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი:
“ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მაისის დასვენების სეზონი, რაც პოსტსაბჭოთა სივრცის ტურისტებს ნამდვილად შემოიყვანდა საქართველოში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხსნათ სახმელეთო საზღვარი, რა თქმა უნდა, იგივე რეგულაციების დაცვით, რაც საჰაერო სივრცეშია. აბსოლუტურად არალოგიკურია, თუ ადამიანს შეუძლია საქართველოში საჰაერო სივრცით შემოსვლა, რატომ გვაქვს სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი”, — განაცხადა ალავერდაშვილმა.
ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც ასახულია ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემის მოგვარების მათი ხედვა. მათი განცხადებით, დოკუმენტს მთავრობის კანცელარიაში დღეს ჩააბარებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან, ირალი ღარიბაშვილთან შეხვედრა ჩაინიშნება.