ახალი ამბებისამართალი

რამდენად (არა) ამბიციურია მიშელისეული მართლმსაჯულების რეფორმა?

22 აპრილი, 2021 • 1848
რამდენად (არა) ამბიციურია მიშელისეული მართლმსაჯულების რეფორმა?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული 5 წინადადებიდან ერთ-ერთი ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო რეფორმას. ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” მართლმსაჯულების რეფორმის 4 ტალღა გაატარა, თუმცა, ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებისა და სპეციალისტების შეფასებით, დამოუკიდებელი და პოლიტიკურად მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა ქართული დემოკრატიის მთავარ ხარვეზად დარჩა. რას ითვალისწინებს “სამომავლო გზა საქართველოსთვის” — ასე ჰქვია მიშელის დოკუმენტს — კანონის უზენაესობისა და სასამართლოს მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად? დაანონსებულ რეფორმებს “ნეტგაზეთთან” აფასებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (ყოფილი EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე.

სასამართლო რეფორმა

შარლ მიშელის წინადადებით, კანონის უზენაესობის და სასამართლო რეფორმის პუნქტი ორ მიმართულებას მოიცავს — რეფორმას სასამართლო სისტემაში და პროკურორის არჩევის წესის შეცვლას. დოკუმენტის თანახმად, ამ საპარლამენტო ვადაში ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად “პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა”. კითხვა იმაში მდგომარეობს, რეალურად რამდენად ამბიციურია დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმა?

შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმაზე
ამ საპარლამენტო ვადაში ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
    ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით, მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
    ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
    გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
    დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
  • ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
  • რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:  1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
    2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არაუადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
    3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
  • პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით, დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

მართლმსაჯულების საკითხებზე მუმუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია საუბრობენ კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემაში; მიუთითებენ, რომ “მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად” წოდებული, გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც სისტემას ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” დროს აკონტროლებდა, გარიგებაში შევიდა “ოცნების” ხელისუფლებასთანაც და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისდამი ერთგულების ნიშნით. თავად მოსამართლეები და მმართველი პარტიები სისტემაში კლანის არსებობას უარყოფენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია შედგეს სასამართლო რეფორმა, თუ ჩინჩალაძის კლანის წევრები კიდევ 20-30 წელი იქნებიან თანამდებობებზე. მისი თქმით, ამჟამად არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გასათავისუფლებლად, მაგრამ საყოველთაო საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად შესაძლებელია კლანური მმართველობის აღმოფხვრა.

“კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს ისეთი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ღირსეული მოსამართლეები დარჩნენ სისტემაში, ხოლო მოსამართლეებს, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყნის დემოკრატიას, ვფიქრობ, სასამართლოში დარჩენის პრივილეგია არ უნდა ჰქონდეთ. როგორი სამართლებრივი რეგულაციებით უნდა მოხდეს ეს, ამჟამად ვერ ვისაუბრებ — არა იმიტომ, რომ არ მიფიქრია — იმიტომ რომ, მართალია, წარსულში დაიწყო, მაგრამ ამ ფორმით კლანური მმართვლობის შემოქმედი არის დღევანდელი ხელისუფლება. როგორც მოიყვანეს ეს ხალხი, შეუწყვეს ხელი პრივილეგიების მინიჭებას, კეთილი ინებონ და სამართლებრივი გზები მოიფიქრონ და გაათავისუფლონ ქვეყანა კლანური მმართველობისგან”, — ამბობს ჯანეზაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმა, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, მინიმალურია, რაც ამჟამად შეიძლება გაკეთდეს.

“მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმას ცოტა სხვანაირად ვხედავ. სასამართლოს სჭრიდება ძალიან ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც უნდა დაიწყოს კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლებით”, — ამბობს იგი.

ის ვერ ხედავს სასამართლო სისტემაში პროგრესის მიღწევის პერსპექტივას, თუკი კლანური მმართველობა არ დასრულდება და მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს საკუთარი ხედვები სასამართლო რეფორმის საკითხზე.

“თუ გვინდა, რომ კლანური მმართველობა ოდნავ შევალამაზოთ, სასამართლო ოდნავ შევალამაზოთ ისე, რომ თან დარჩეს კლანური მმართველობა და თან დამოუკიდებელი სასამართლო გვქონდეს, ეს ერთმანეთთან თავსებადი ვერასდროს იქნება. სასამართლო ან არის დამოუკიდებელი, ან არ არის, ოდნავ დამოუკიდებელი, ან ოდნავ არადამოუკიდებელი კატეგორიები ჩემთვის ცოტა გაუგებარია”, — აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

ვაგრძელებ შეთანხმების დოკუმენტის იმ ნაწილზე საუბარს, სადაც სასამართლოს ნაწილია მოცემული და ამით დავასრულებ:

? ბ)…

Posted by Nazi Janezashvili on Wednesday, 21 April 2021

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ასევე ფიქრობს, რომ მიშელის დოკუმენტში მართლმსაჯულების საკითხებზე არსებული ჩანაწერები “იყო ის მინიმალური პირობები, რის საშუალებასაც, ალბათ, მხარეების პოზიციები იძლეოდა”.

“ჩვენ გვესმის, რომ შეთანხმების პერსპექტივის სიმცირის გამო, საბოლოო ჯამში, ყველა ის საჭირო ცვლილება ვერ შევიდა მართლმსაჯულების საკითხებზე, რასაც სამოქალაქო ორგანიზაციები ვუჭერდით მხარს. რაც წერია ამ დოკუმენტში, ცხადია, მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაგრამ დოკუმენტში გამოტოვებულია უკვე დანიშნული მოსამართლეების საკითხი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ უკვე უვადოდ დანიშნული მოსამართლეები გვყავს უზენაეს სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოებში და პირველი ინსტანციის სასამართლოში, ეს სერიოზული გამოწვევაა. ამ საკითხის გვერდის ავლით ჩვენ შეიძლება, საბოლოო ჯამში, კვლავ შევინარჩუნოთ კლანურობა, ანდაც გვყავდეს ის მოსამართლეები თანამდებობაზე, რომლებიც ამას არ იმსახურებენ”, – ამბობს იმნაძე.

ამ დროისთვის საერთო სასამართლოებში მოსამართლეების 80% უვადოდ დანიშნულია.

იმნაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი შეიძლება გახდეს შეთანხმების ჩანაწერი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცევა და რომლის თანახმადაც, პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით.

“თუკი მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები კვალიფიციურად, კომისიური წესით და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით შეფასდება, ეს კარგ პერსპექტივას გახსნის კიდევ ერთხელ, საილუსტრაციოდ, რომ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები იყო ზედაპირული და გამოჩნდება, რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი”, — ამბობს იმნაძე.

გურამ იმნაძე, EMC-ის იურისტი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გურამ იმნაძის აზრით, სასამართლო სისტემაში უნდა გაკეთდეს შემდეგი:

“გაიწეროს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების კარგი წესები. ამავდროულად, რაღაც ფორმით აუცილებელია უკვე დანიშნული მოსამართლეების გადანიშვნის პროცესის დაწყება. ეს შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლეის საბჭოს მიერ ხელახლა კენჭისყრა უკვე დანიშნული ადამიანების ან უზენაესი სასამართლოს შემთხვევაში, პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადება. დისციპლინური ინსპექტორის დანიშვნის წესის შეცვლა და გათავისფულება კლანის გავლენებისგან”.

შარლ მიშელის წინადადება ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნება ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.

შეთანხმება მეტად არ აკონკრეტებს, როგორი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა — ამაზე მხარეებმა პარლამენტში უნდა იმუშაონ. ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, ხუთს – საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს პრეზიდენტი ნიშნავს. საბჭოს უფლებამოსილებებს შორისაა: პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ჩატარება, სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა, დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში, საერთო სასამართლოების ბიუჯეტის, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯების განსაზღვრა, სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში.

გურამ იმნაძის აზრით, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოს წევრები კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩოს, ხოლო არამოსამართლე წევრები- პარლამენტმა, პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ამასთან, იმნაძე საუბრობს დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე იუსტიციის საბჭოდან კონკრეტული კომპეტენციების, მაგალითად, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის გადატანაზე ადგილობრივ სასამართლოებში.

პროკურორის არჩევა

რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

დღეს მოქმედი წესით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) ირჩევს, გენერალური პროკურორის კანდიდატურას პარლამენტს საპროკურორო საბჭო წარუდგენს.

“ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად”, — ნათქვამია შეთანხმებაში.

თუმცა შეთანხმებაში ჩადებულია მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომლის თანახმადაც, პროკურორის არჩევის პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდება, შემდგომ მცდელობებს კი — ხმების უბრალო უმრავლესობა.

უბრალო უმრავლესობა შეიძლება იყოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (ქვორუმის დაცვით), ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 დეპუტატი), ხოლო კვალიფიციურ უმრავლესობად ითვლება უბრალო უმრავლესობაზე მეტი (მაგალითად, 3/5 ან 2/3), რასაც კონსენსუსი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა, არჩევის დაბლოკვის დამზღვევ მექანიზმს არ ითვალისწინებდა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის”.

“2/3-ით არ შეიძლება იყოს არჩეული გენპროკურორი, თუნდაც იმისთვის, რომ ერთ მესამედს არ მიენიჭოს ჭარბი ძალაუფლება და არ მიეცეს საშუალება, ძველი პროკურორი დატოვოს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ლოგიკა იმას, რომ არც FBI-ის დირექტორი, არც ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის პროკურორი არ აირჩევა არც სამი მეხუთედით და არც ორი მესამედით. ლოგიკა ისაა, რომ ორი მესამედის თუ ნებისმიერი კვალიფიციური უმრავლესობის წესს სამართლებრივად ჩიხში შეჰყავხარ”, – აცხადებდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე.

გურამ იმნაძე ამ ნაწილში დანიელსონის დოკუმენტის უპირატესობაზე საუბრობს.

“პროკურატურაზე ერთადერთი ჩანაწერი მომდევნო გენერალური პროკურორის არჩევას ეხება, თუმცა ვიცით, რომ ახლანდელ გენერალულ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უფლებამოსილების ვადა 2026 წელს ეწურება. გამოდის, მთელი ეს პერიოდი სისტემაში არაფერი იცვლება. ამას გარდა, გათვალისწინებულია ე.წ. deadlock-ის დამზღვევი მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ნაკლებ მოტივაციას აძლევს პოლიტიკურ ძალებს, იმუშაონ კონსენსუსზე და შეთანხმდნენ ყველა მხარისთვის მეტნაკლებად მისაღებ კადრზე. ასეთმა მექანიზმმა შეიძლება აზრი დაუკარგოს ზევით ჩაწერილ დათქმას კვალიფიციური უმრავლესობაზე, ვინაიდან მმართველ ძალას ეცოდინება, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მარტივად შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი”, – აცხადებს იმნაძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ცალსახად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმა მომავალი პროკურორის არჩევას შეეხება და მოქმედი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას არ დატოვებს.

შეთანხმების თანახმად, არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ვადებს, კანონის უზენაესობის და სასამართლო რეფორმის ნაწილში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე იწყება. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უნდა მომზადდეს და დასკვნის მისაღებად ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს პირველ ივლისამდე, პირველი კენჭისყრა ჩატარდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე. საბოლოოდ, პარლამენტმა რეფორმები უნდა დაამტკიცოს არაუგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი