ნეტგაზეთი | “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში ხელნაწერთა ცენტრში გამოფენა გაიხსნა “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში ხელნაწერთა ცენტრში გამოფენა გაიხსნა – Netgazeti
RU | GE  

“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში ხელნაწერთა ცენტრში გამოფენა გაიხსნა

21 აპრილს, თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა.

გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალაია დაესწრო.

„სახელმწიფო ენის დღე, თბილისის მერიამ საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. დღევანდელი გამოფენა კი ამ დღის ერთგვარი გაგრძელებაა და, მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებსა და თბილისის სტუმრებს, საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეს ამ სახითაც წარმოვუდგენთ.

ორ დღეში, თბილისი, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მასპინძელი ქალაქი გახდება, რომლის ღირსეულად ჩატარების მისიაც, თბილისის მერიას აქვს აღებული. მჯერა, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო იქნება დაახლოებული წიგნთან“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ. 

ანდრია ბასილაია

„აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მრავლსაუკუნოვანი მწერლობა ნამდვილად გახლავთ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი, მისი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის გაცნობა კი ჩვენი ვალდებულებაა. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტ “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე ქართულ მწერლობასაც გააცნობს, საგამომცელო სფერო კი უფრო განვითარდება“, – ამბობს იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.

გამოფენის პირველი ნაწილი წამოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც. 

გამოფენის მეორე ნაწილი – „შეხვედრა კლასიკოსებთან – ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები.

გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინ ექსკურსიაც. 

გამოფენა ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. ჯგუფური ვიზიტებისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი