ახალი ამბები

“ცოტა არ იყოს და არ მოველოდი” – პაპუაშვილი ამნისტიაზე საიას პოზიციას აკრიტიკებს

21 აპრილი, 2021 •
“ცოტა არ იყოს და არ მოველოდი” – პაპუაშვილი ამნისტიაზე საიას პოზიციას აკრიტიკებს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არ მოელოდა, რომ საია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შედგენილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართალს არღვევს. შეთანხმების წარუმატებელი ჩაშლის გამო “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მისი აღსრულების ჩაშლას რომ ცდილობენ, ეს გასაგებია,  მაგრამ საია-სგან, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს და, არ მოველოდი. რა ვიფიქრო, არც კი ვიცი”, — წერს პაპუაშვილი ფეისბუქზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.  რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

საია მოუწოდებს პარტიებს, არ დაუშვას ამნისტიის პოლიციელებზე გავრცელება

მასალების გადაბეჭდვის წესი