ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს დარჩენილ პარტიებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ

20 აპრილი, 2021 •
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს დარჩენილ პარტიებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ყოველდღიურ ბრიფინგზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აშშ მიესალმება საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებაა.

ნედ პრაისის განცხადებით, შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა, მასში მონაწილე ყველა მხარისგან რთულ კომპრომისებს მოითხოვდა. მეტიც, ასევე მოითხოვდა პოლიიტკურ გამბედაობასაც:

“მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ეს შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული, მოითხოვდა რთულ კომპრომისებს ყველა მხარისგან.

მეტიც, ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხების ერთგულებას. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია. ამასთან, თანაზომიერად მნიშვნელოვანი იქნება დოკუემნტის იმპლემენტაცია” ,– აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ნედ პრაისის თქმით, აშშ მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე:

“ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. აშშ მზადაა დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე” ,– აცხადებს ნედ პრაისი.


გუშინ, 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ დოკუმენტს. შეთანხმების ტექსტს ამ დროისთვის პარტიებიდან ხელი არ მოუწერიათ “ერთიან ნაციონალური მოძრაობსა” და “ევროპულ საქართველოს”.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი