“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში ნიკა მელიას შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მანამ, სანამ ნიკა მელია საპატირმოს არ დატოვებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე და ამიტომ უნდა მოიძებნოს სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მელიასთან მორალურ კომპრომისს არ მოითხოვს:
“ის არის მხნედ, რა თქმა უნდა, არ აქვს განცდა იმის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გნაიმუხტა. სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, ამაზე საუბარი ნაადრევია. “ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი და არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანისგან არ მოითხოვს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ეს არის ახლა ყველა ჩვენგანის საზრუნავი” ,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
მისი განცხადებით, გირაოს გადახდის მოთხოვნა გამოსავალი არ შეიძლება იყოს, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გირაოს გადახდის მოთხოვნას უკანონოდ მიიჩნევს. შესაბამისად, ჯაფარიძის თქმით, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც კრიზისს განმუხტავს:
“გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება. ყველასთვის ნათელია, მელია მიიჩნევს გირაოს გადახდას უკანონოდ. შესაბამისად, გამოსავალი არ ნიშნავს იგივე მოთხოვნის დაყენებას. გამოსავალი ისეთი უნდა მოიძებნოს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს კრიზისის მართლაც განვმუხტოთ. რა თქმა უნდა, თუ “ქართული ოცნება” არ გადადგამს იმ ნაბიჯს, მელია ვნახოთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებული, ძალიან სამწუხარო იქნება. პროკურატურას აქვს ამის ინსტრუმენტი.
არსებობს სხვა აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც არ გულისხმობს გირაოს. პირობითად ვამბობ, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. ჩვენ დაჩქარებულად დავიწყებთ მუშაობას ამნისტიის კანონზე, რომელიც არ უნდა შეეხოს ისეთი ტიპის დანაშაულებს როგორიცაა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, უკანონო ბრძანება და ა.შ. ამნისტია დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანების გათავისუფლებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული” ,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.