ახალი ამბები

საქართველოს ელჩი განმარტავს, რატომ მისწერა ირლანდიურ უნივერსიტეტს სასწავლო კურსთან დაკავშირებით

21 აპრილი, 2021 • 1847
საქართველოს ელჩი განმარტავს, რატომ მისწერა ირლანდიურ უნივერსიტეტს სასწავლო კურსთან დაკავშირებით

საქართველოს ელჩმა ირლანდიაში, გიორგი ზურაბიშვილმა ირლანდიელი აკადემიკოსების ნაწილის მიერ აკადემიურ თავისუფლებაში ჩარევაში საელჩოს დადანაშულებასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სიტყვის გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრინციპების მიმართ.

რა ხდება?

8 აპრილს საქართველოსა და უკრაინის საელჩოებმა ირლანდიაში დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აკადემიკოსებსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს უნივერსიტეტის კურსთან — „რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე“ —დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს. როგორც ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, საელჩოების განცხადებით, კურსი „დეზინფორმაციას და რუსული პროპაგანდის ნარატივს“ ავრცელებს.

დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტისთვის საქართველოსა და უკრაინის საელჩოების მიერ გაგზავნილი საპროტესტო წერილი ირლანდიაში აკადემიურ დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად აღიქვეს, რის შემდეგაც საელჩოები გააკრიტიკეს. უნივერსიტეტის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ირლანდიის განათლების მინისტრმაც.

საელჩოს განცხადება

მომხდართან დაკავშირებით, მასალის გამოსვლიდან რამდენიმე საათში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ საელჩოს განცხადება მოაწოდა. იმ განცხადებაში ბრალდებებთან დაკავშირებით არაფერი იყო ნათქვამი. პასუხში აღნიშნულია, რომ საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ირლანდიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ასე აპირებენ გაგრძელებას.

„ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში საქართველოს საელჩო ხაზს უსვამს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკას და განმარტავს, თუ რა მიზნით დაუკავშირდნენ დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტს.

ელჩის განმარტება

მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ ირლანდიაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზურაბიშვილის წერილობითი კომენტარიც მოაწოდა.

ელჩის განცხადებით, საელჩო პატივს სცემს სიტყვის გამოხატვის და აკადემიურ თავისუფლებას და არ ერევა უნივერსიტეტის საქმიანობაში. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, წერილის გაგზავნის მიზეზი იყო ინფორმაცია, რომ კურსზე „რუსეთი და პოსტსაბჭთა სივრცე“ სტუდენტებს მიეწოდათ ცალმხრივი ინფორმაცია, რომელიც რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას შეიცავდა და საქართველოს ოკუპაციის გამართლებას ემსახურებოდა:

„საქართველოს საელჩო კიდევ ერთხელ ადასტურებს პატივისცემას სიტყვის გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრინციპების მიმართ. საქართველოს საელჩო არ ერევა არც უნივერსიტეტის საქმიანობაში, არც სასწავლო პროცესში და უაღრესად დიდ პატივს სცემს მის ავტონომიას და დამოუკდებლობას.
მსოფლიოს მასშტაბით რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო სფეროსაც. რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს აგრესიას არა მარტო სამხედრო და ძალისმიერი მეთოდებით, არამედ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციას, პროპაგანდას, რაც ემსახურება საქართველოში რუსული ოკუპაციის გამართლებას.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სამაგისტრო კურსზე, საქართველოს შესახებ მოდულის ფარგლებში „რუსეთი და პოსტსაბჭთა სივრცე“ საქართველოზე სწავლებისას სტუდენტებს მიეწოდა ცალმხრივი, რუსეთის ნარატივით გაჯერებული დეზინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა, რუსეთის სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ელჩი აღნიშნავს, საელჩოსთვის მიუღებელია დეზინფორმაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პოზიცია ცალმხრივად იყო წარდგენილი:

„საელჩო მიიჩნევს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის შესახებ დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის გავრცელება მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ეს დეზინფორმაცია მიწოდებულია ცალმხრივად და არ არის წარმოდგენილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული პოზიცია.

საქართველოს საელჩომ, უკრაინის საელჩოსთან ერთად, წერილობით მიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტს, სადაც უკმაყოფილება გამოხატა გავრცელებულ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით და მიაწოდა სწორი ფაქტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ადამიანის უფლებების დარღვევების, მცოცავი ანექსიის შესახებ. საელჩომ გამოთქვა სურვილი, რომ შემდგომში გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე“.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ საელჩო პატივს სცემს უნივერსიტეტის ავტონომიას და იმედოვნებს, რომ საელჩოს რეაგირება მომხდართან დაკავშირებით სწორად იქნება აღქმული:

„წერილში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ საელჩო პატივს სცემს უნივერსიტეტის ავტონომიას და არავითარ შემთხევაში მიზნად არ ისახავს სასწავლო პროცესში ჩარევას და არც აკადემიური თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ სასწავლო პროცესში ფაქტებზე დაყრდნობით იყოს მიწოდებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რაც ნებისმიერ ქვეყნისთვის ხელშეუხებელი და უზენაესი მნიშვნელობის საკითხია.

საელჩოს გააჩნია ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები ირლანდიურ უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან. საელჩო იმედოვნებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საელჩოს რეაგირება სწორად იქნება აღქმული და გამოთქვამს მზაობას შემდგომში მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე“.


გარეკანის ფოტო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი