ახალი ამბები

რატომ აღიქვეს ირლანდიაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების წერილი აკადემიური თავისუფლების ხელყოფად

20 აპრილი, 2021 • 1736
რატომ აღიქვეს ირლანდიაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების წერილი აკადემიური თავისუფლების ხელყოფად

დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტისთვის საქართველოსა და უკრაინის საელჩოების მიერ გაგზავნილი საპროტესტო წერილი ირლანდიაში აღიქვეს აკადემიურ დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად, რის შემდეგაც საელჩოები გააკრიტიკეს.

8 აპრილს საქართველოსა და უკრაინის საელჩოებმა ირლანდიაში დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აკადემიკოსებსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს უნივერსიტეტის კურსთან — „რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე“ —დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს. როგორც ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, საელჩოების განცხადებით, კურსი „დეზინფორმაციას და რუსული პროპაგანდის ნარატივს“ ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, კურსს, რომელიც წერილშია ნახსენები, პროფესორი დონაკა ო’ბაკჩეინი უძღვება, ხოლო კურსის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს ქართული, უკრაინული და რუსული თვალთახედვა. კერძოდ, მოსკოვიდან ლექცია წაიკითხა პროფესორმა სერგეი მარკედონოვმა.

როგორც ო’ბაკჩეინი ტვიტერზე წერს, 19 აპრილს მომხდართან დაკავშირებით ირლანდიის განათლების მინისტრმა საიმონ ჰარისმა  უნივერსიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა:

„ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტს აკადემიური დამოუკიდებლობის თვალთახედვიდან. არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა თუ გეოპოლიტიკა რამენაირად უნდა ერეოდეს აკადემიურ თავისუფლებაში. როგორც მე მესმის, კურსს უძღვება საკმაო ცოდნის მქონე ლექტორი და, ვფიქრობ, ჩარევის ნებისმიერი მცდელობა არ არის მისაღები“.

16 აპრილს წერილს უპასუხა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დეირ კოჰმა. მან აღნიშნა, რომ „აკადემიური თავისუფლება ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც მოქმედებს დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტში ისევე, როგორც ირლანდიის ყველა სხვა უმაღლეს სასწავლებელში. <…> აკადემიური თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართლისა და მართვის სკოლამ [რომელიც ატარებს ამ კურსს] თავად განსაზღვროს სასწავლო გეგმა“.

ჯონ დოილიმ, უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების ინსტიტუტის დირექტორმა, თქვა, რომ ის „განცვიფრებულია“, „მის გამოცდილებაში ეს აბსოლოტურად უპრეცედენტოა“ და „აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა უნივერსიტეტის პრეზიდენტს წერდნენ და სთხოვდნენ კოლეგის ცენზურას“ და ამასთან ერთად, „უგზავნიდნენ წერილს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს და ცდილობდნენ საკითხი დიპლომატიურ ჭრილში მოექციათ“. მისივე თქმით, საელჩოების ნაბიჯი „არასწორი“ იყო.

დოილი აგრეთვე აღნიშნავს, რომ „თუ წერილის უკან დგანან არა მხოლოდ საელჩოები, არამედ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ამას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები ორივე ქვეყნის მიდგომაზე აკადემიური თავისუფლებისადმი“.

„მიმაჩნია, რომ თუ პასუხისმგებელი პირები და ელჩები ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი ჩარევაა. მათ შეეძლოთ მიეწერათ The Irish Times-სთვის. მათ უსაუბრიათ უნივერსიტეტში. ჩარევის სურვილის შემთხვევაში სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ უნივერსიტეტის პრეზიდენტისთვის მიწერა და თხოვნა, რომ შეცვალონ ის, თუ როგორ ისწავლება კურსი და რას სთხოვენ სტუდენტებს [კურსის ფარგლებში], დემოკრატიულ საზოგადოებაში ელჩის როლს დიდად სცდება“, — მიიჩნევს დოილი.

მაუწყებელს აგრეთვე მოჰყავს უკრაინის საელჩოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით:

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიმოწერის მიზანი არასდროს ყოფილა უნივერსიტეტთან კარგი და ხანგრძლივი თანამშრომლობის ცვლილება. ყველა ბრალდება აკადემიურ თავისუფლებაზე თავდასხმაში ემოციური და უსაფუძვლოა.

როგორც ჩვენი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკრაინაში, საერთო წერილში ჩვენ მოვიყვანეთ უდავო ფაქტები რუსეთის აგრესიის შესახებ.

საელჩო სრულიად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და საგანმანათლებლო სტანდარტებს. რა თქმა უნდა, აკადემიური თავისუფლება და ალტერნატიული ხედვა აუცილებელია სწავლებისთვისა და სწავლისთვის აკადემიურ კონტექსტში“.

განახლება: მასალის გამოსვლიდან რამდენიმე საათში საქართველოს საელჩომ ირლანდიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საელჩო მუშაობს, რათა „ირლანდიურ საზოგადოებას ობიექტური სურათი ჰქონდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების თაობაზე“, რაც მათ შორის მოიცავს მუშაობას აკადემიურ წრეებთან.

საქართველოს საელჩოს განცხადებით, „ამ თანამშრომლობის სულისკვეთების ფარგლებში გვქონდა კომუნიკაცია პარტნიორ უნივერსიტეტთან დუბლინში, რომელთანაც გვაკავშირებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენი კომუნიკაციის საგანი იყო, თუ როგორ შეგვეწყო ხელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებსა და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ქმედებებზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის.“

„დუბლინში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული მიმართულებებია: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება, ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და ორმხრივი ეკონომიკური, და კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავება.

ირლანდია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებებს. დუბლინის მკაფიო მხარდამჭერი პოზიციები დასტურდება გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში გაკეთებული განცხადებებით ისევე, როგორც ირლანდიის საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რისთვისაც საელჩო მადლობას უხდის ირლანდიის ხელისუფლებას და ირლანდიელ ხალხს.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილსამყოფელი ქვეყნის აკადემიურ წრეებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა სხვადასხვა თემაზე. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ირლანდიურ საზოგადოებას ობიექტური სურათი ჰქონდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების თაობაზე. ამ მიზნით, ცხადია, პროაქტიულად ვმუშაობთ ირლანდიელ ექსპერტებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

სწორედ ამ თანამშრომლობის სულისკვეთების ფარგლებში გვქონდა კომუნიკაცია პარტნიორ უნივერსიტეტთან დუბლინში, რომელთანაც გვაკავშირებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენი კომუნიკაციის საგანი იყო, თუ როგორ შეგვეწყო ხელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებსა და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ქმედებებზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის.

ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ და ასევე, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე ინფორმირებულობის გაზრდას ირლანდიურ საზოგადოებაში“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი