მას შემდეგ, რაც ირლანდიაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოები აკადემიურ დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულეს, ნეტგაზეთმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს განმარტებისთვის მიმართა.
საელჩოს განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ ნეტგაზეთს წერილობით მიაწოდა, არაფერი წერია უშუალოდ ბრალდებებზე. პასუხში აღნიშნულია, რომ საელჩო აქტიურად თანამშრომლობს ირლანდიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ასე აპირებენ გაგრძელებას.
8 აპრილს საქართველოსა და უკრაინის საელჩოებმა ირლანდიაში დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აკადემიკოსებსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს უნივერსიტეტის კურსთან — „რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე“ —დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს. როგორც ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, საელჩოების განცხადებით, კურსი „დეზინფორმაციას და რუსული პროპაგანდის ნარატივს“ ავრცელებს.
დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტისთვის საქართველოსა და უკრაინის საელჩოების მიერ გაგზავნილი საპროტესტო წერილი ირლანდიაში აკადემიურ დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად აღიქვეს, რის შემდეგაც საელჩოები გააკრიტიკეს. უნივერსიტეტის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ირლანდიის განათლების მინისტრმაც.
რა პასუხი აქვს საქართველოს საელჩოს ირლანდიაში
ნეტგაზეთის გამოგზავნილ განცხადებაში საქართველოს საელჩო ხაზს უსვამს საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ირლანდიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკას. ამასთანავე, აცხადებს:
“ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადგილსამყოფელი ქვეყნის აკადემიურ წრეებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობა სხვადასხვა თემაზე. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ირლანდიურ საზოგადოებას ობიექტური სურათი ჰქონდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურების თაობაზე. ამ მიზნით, ცხადია, პროაქტიულად ვმუშაობთ ირლანდიელ ექსპერტებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთან.”
საქართველოს საელჩო განმარტავს, თუ რა მიზნით დაუკავშირდნენ დუბლისინის საქალაქო უნივერსიტეტს.
“სწორედ ამ თანამშრომლობის სულისკვეთების ფარგლებში გვქონდა კომუნიკაცია პარტნიორ უნივერსიტეტთან დუბლინში, რომელთანაც გვაკავშირებს ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენი კომუნიკაციის საგანი იყო, თუ როგორ შეგვეწყო ხელი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემებსა და აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ქმედებებზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისათვის ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის”, — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ამასთანავე, საქართველოს საელჩო ამბობს, რომ გააგრძელებს ირლანდიის კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, რათა “ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ და ასევე, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე ინფორმირებულობის გაზრდას ირლანდიურ საზოგადოებაში“.
რატომ აღიქვეს ირლანდიაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების წერილი აკადემიური თავისუფლების ხელყოფად