სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლება სხვადასხვა ფორმით შეიძლება, მათ შორის, პროკურატურის რამდენიმე გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ლომჯარიამ რუსთავის ციხესთან, ნიკა მელიასთან ვიზიტამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება გათავისუფლდეს [მელია], თავად პროკურატურას შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რაზეც ჩემი მოადგილეც საუბრობდა დღეს, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი, და საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემომებების და ახალი საჭიროებების გამო. ბევრი ვარიანტი არსებობს”, – განაცხადა ლომჯარია.
ამასთან, ლომჯარიამ ისაუბრა ამნისტიის აქტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ საკითხზე მას აქვს შეკითხვები, შეეხება თუ არა ეს აქტი იმ ადამიანებს, ვინც 20 ივნისის აქციაზე არადამიანურ მოპყრობაში არიან ბრალდებულები.
“გააჩნია, რა პუნქტებს შეეხება [ამნისტიის აქტი], მე წინასწარ არ გავაკეთებ [შეფასებას]. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში იქნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, თუმცა წინასწარ შეფასებას არ გავეკეთებ, მე არ ვიცი, რა ტიპის ამნისტიის აქტის მიღება იგეგმება”, – განაცხადა ლომჯარიამ.
“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია