ახალი ამბები

წინასწარი რეგისტრაციის პორტალი უფრო მეტად მარკეტინგული ხასიათისაა — გაბუნია

20 აპრილი, 2021 •
წინასწარი რეგისტრაციის პორტალი უფრო მეტად მარკეტინგული ხასიათისაა — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი უფრო მეტად მარკეტინგული ხასიათისაა.

როგორც მინისტრის მოადგილე, ასევე მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობენ, რომ მოქალაქეების მიერ მითითებულ სასურველ ვაქცინებს სამომავლოდ კვლევის მიზნით გამოიყენებენ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ აამოქმედა პორტალი ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოლოდინებისა და მოსახლეობის შესწავლის მიზნით. ეს არის მეტად მარკეტინგული ხასიათის პორტალი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს, თუ რომელ ვაქცინას მიანიჭებდა უპირატესობას“, — ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, ამ მონაცემებს სამინისტრო გამოიყენებს შესყიდვების ხელშეკრულების მოსამზადებლად.

საიტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, მოქალაქეების უმეტესობა უპირატესობას „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას ანიჭებს, მეორე ადგილზე „მოდერნაა“, ხოლო მესამეზე — „ასტრაზენეკა“. ბოლო ადგილზე ჩინური წარმოების „სინოფარმი“ და „სინოვაკია“.

ჟურნალისტებმა დღეს ვაქცინების ამ გადანაწილებაზე მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესაც ჰკითხეს. მან თქვა, რომ ქვეყანაში თვის ბოლოს „ასტრაზენეკას“ 50 ათასამდე დოზა შემოვა, შემდეგი დოზა კი შემოვა მაისში, „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით.

მისივე თქმით, „ფაიზერთან“ სამინისტროს მოლაპარაკებები აქვს და ამ კომპანიისგან ქვეყანამ 1 მილიონი დოზა უნდა მიიღოს, თუმცა ვადები ჯერჯერობით უცნობია.

„მოდერნასთანაც“ მიმიდინარეობს მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპისთვის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მივაწვდით“, — აცხადებს ტიკარაძე.


ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ ჩაუშვა საიტი – www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome – სადაც 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს 3 სასურველი ვაქცინის დასახელება შეუძლიათ.

ამ ეტაპისთვის [20 აპრილი 15:44 საათი] რეგისტრაცია გაიარა 38,361-მა ადამიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი