პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაიხდის.
“იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო ასეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, ამნისტიისთვის მელიას გირაოს გადახდის წინაპირობას კანონის პატივისცემა მოითხოვს.
“კანონის ელემენტარული პატივისცემა უნდა ყოფილიყო ყველასთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, პოლიტიკოსისთვის. გამომდინარე აქედან, ამაზეა საუბარი, რომ ჩვენთვის ნიკანორ მელიას 40-ათასლარიანი გირაო არაფერს არ წარმოადგენს. აქ საუბარია ელემენტარულ გაგებაზე, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი და პარლამენტის წევრი კანონის დარღვევის პროპაგანდას არ უნდა აკეთებდე. ეს არის მთავარი, თორემ პოლიტიკური ამნისტიის აქტის გამოცემა მოხდება”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ამნისტიის მიღების ვადებზე საუბრისას ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ოპოზიციაზეც იქნება დამოკიდებული, რადგან “საერთო ძალისხმევის გაწევა მოუწევთ”.
“რაც შეეხება ვადებს, აქ უნდა ვივარაუდოთ ის, რომ ყველაფერი “ქართულ ოცნებაზე” არის დამოკიდებული. დამოკიდებულია იმ პარლამენტარებსა და პარტიებზე, რომელთაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულებას”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე, “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.