ახალი ამბები

როგორ ემზადება თბილისი – 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

20 აპრილი, 2021 • 1735
როგორ ემზადება თბილისი – 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

2021 წელს, თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოების ყურადღება თბილისისკენ, როგორც მთავარი კულტურული ცენტრისკენ იქნება მოპყრობილი.

როგორ მოიპოვა თბილისმა ეს უმნიშვნელოვანესი სტატუსი, რა ტიპის ღონისძიებებს უნდა ველოდოთ წლის განმავლობაში, რას ნიშნავს ,,წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი” საქართველოსთვის საერთაშორისო ლიტერატურულ ასპარეზზე და რა სეგმენტისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო დაგეგმილი ღონისძიებები – ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტ, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

 

  • ნინია, როგორ მოიპოვა საქართველომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი და რა შრომაა ამ სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული?

2019 წელს იუნესკოდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო წერილი: საქართველოს, კერძოდ კი თბილისს, იწვევდნენ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეს განცხადება გადმოამისამართეს თბილისის მერიაში, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებაში, რომლის დირექტორიც მაშინ მე გახლდით. მე და ნინო კიკნაძეს, ჩემს მაშინდელ თანამშრომელს, დაგვევალა საკონკურსო აპლიკაციის შევსება. აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ გვქონდა გასაუბრება იუნესკოს წარმომადგენლებთან. ჟიურიში მათ გარდა იყვნენ მსოფლიოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი და  მსოფლიოს საბიბლიოთეკო გაერთიანების ასოციაციის პრეზიდენტი.

2019 წლის 7 ოქტომბერს გამოვლინდა, რომ 15 პრეტენდენტს შორის ჩვენ გავიმარჯვეთ. ბევრი ქვეყნის ქალაქი მრავალი წელია ცდილობს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოპოვებას. თბილისმა კი ეს სტატუსი პირველივე მცდელობაზე მოიპოვა. ძალიან გაგვიმართლა.

 

  • ვისთვის იქნება საინტერესო თბილისი, როგორც წიგნის საერთაშორისო დედაქალაქი, რა სეგმენტზეა გათვლილი პროექტები, რომლებიც წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს?

ვეცადეთ, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იყოს ყველასთვის საინტერესო, ასაკობრივი კატეგორიების მიუხედავად. მაგალითად, გვსურს დავაარსოთ წიგნის საბავშვო ფესტივალი,  რაც აქამდე არ არსებობდა; გვინდა ასევე დიდი საბავშვო ბიბლიოთეკის გაკეთება. წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი მოზარდებისთვის,  ეს არის საგანმანათლებლო და სახალისო, შემეცნებით-გასართობი პროექტები.

ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო იქნება წიგნების ფლიმარკეტის იდეა. ზაფხულის განმავლობაში, ავტორებიც გამოიტანენ საკუთარ თუ მათთვის საყვარელი ავტორების წიგნებს და სხვა მონაეწილეებთან ერთად გაყიდიან; გვაქვს ქოსფლეის პროექტიც – ადამიანები თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ფორმებში გამოეწყობიან და საუკეთესო კოსტიუმებსაც გამოვავლენთ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მოეწყობა ბანაკები, სადაც ლიტერატურასა და კინოზე ვორკშოპები და სემინარები გაიმართება.

ძალიან საინტერესო იქნება, საბჭოთა სისტემის მიერ რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაც, რომელიც მალე განხორციელდება მწერალთა სახლში.

გვაქვს ასევე აუდიოწიგნების პროექტიც, რომელიც, უმთავრესად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე იქნება მორგებული.

 

  • რა კონკრეტული პროექტებია დაგეგმილი ქართველი ავტორებისა და მწერლებისთვის წლის განმავლობაში, რაც ლიტერატურულ ცხოვრებას გახდიდა საინტერესოს და იქნებოდა მოტივაციაც ავტორებისთვის, მით უფრო პანდემიის პირობებში

გვაქვს მწერალთა სარეზიდენციო პროექტები, სტიპენდიები ავტორებისთვის, რომ მათ შეძლონ ერთი თვით მოსწყდნენ სხვა სამუშაოს და დაიწყონ ან დაასრულონ საკუთარი ნაწარმოებები.

პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ლიტერატურის სფეროა. ვიცით, რომ რთულად იყიდება წიგნები, საზღვრებს შორის გადაზიდვების შეფერხება ნიშნავს ბეჭდვის შეფერხებასაც. არიან ავტორები, რომლებიც პანდემიის გამო სრულიად მოწყდნენ საკუთარ საქმიანობას.

როგორც მწერლების, ასევე გამომცემლობებისთვისაც, ეს წელი, დიდი შესაძლებლობების ასპარეზი იქნება.

 

  • რა მნიშვნელობა ექნება თბილისის წიგნის მსოფლიო ფესტივალს სკოლებისა და გამომცემლობებისთვის?

გამომცემლობებისა და მთარგმნელებისთვის გვაქვს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისეთი ენებიდან თარგმნის წახალისებას, როგორიცაა, იაპონური, შვედური, ნორვეგიული და ა.შ. ამ ენების ორიგინალიდან იშვიათად ითარგმნება ნაწარმოებები ქართულ ენაზე.

თბილისის სამასამდე სკოლაში განსაკუთრებული აქტივობები გვაქვს გათვალისწინებული. ყველა სკოლაში იქნება ხელმისაწვდომი თანამედროვე ქართული და არამხოლოდ ქართული ლიტერატურა, ახალი თარგმანების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეებს.

 

  • მსოფლიო ლიტერატურულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ რომელ პერსონებს და როდის უმასპინძლებს თბილისი წლის განმავლობაში?

ველოდებით იუნესკოს, კუალა ლუმპურის წარმომადგენელს, რომელმაც უნდა გადმოგვცეს მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის სტატუსი; ვუმასპინძლებთ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერებს, ასევე მექსიკის საერთაშორისო, გვადალახარას წიგნის ფესტივალის დირექტორს, ათენის მსოფლიო წიგნის დედაქალაქის დირექტორს, ასევე იუნესკოს მშვიდობის ელჩს და ა.შ. დაახლოებით 14 სტუმარს ველოდებით აპრილის ბოლოს.

რაც შეეხება ავტორებს: შემოდგომაზე იმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც არაერთი მკითხველისთვის საყვარელ და ნაცნობ ავტორებს ველოდებით. ჯერჯერობით მათ ვინაობას საიდუმლოდ ვტოვებთ.

 

  • როგორ ადაპტირდება წლის განმავლობაში ფესტივალი პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შემთხვევაში და რა ფორმატით წარმოადგენთ  დაგეგმილ პროექტებს

რახან ვაქცინაცია დაწყებულია, დიდი იმედი გვაქვს ხელს არ შეგვიშლის პანდემია, თუმცა თითოეული საფესტივალო პროგრამისთვის არსებობს გეგმა B და გვაქვს თითოეული პროექტის დისტანციურ, ციფრულ რეჟიმში გადატანის შესაძლებლობა. იმედია, ეს არ დაგვჭირდება.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ვგეგმავთ ყოველ კვირაში, მაისის შუა რიცხვებიდან მოსწავლეები ჩამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. ისინი დაესწრებიან და მოისმენენ საინტერესო ლექციებსა და სემინარებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  უარეს შემთხვევაში, თუ რეგულაციები ძალიან გამკაცრდება და დისტანციურ რეჟიმში გადავიტანთ ყველაფერს, ეს პროექტიც გადავა ონლაინრეჟიმში.

 

  • საქართველო პირველად იქნება წელს წარდგენილი ესპანურენოვან ქვეყანაში წიგნის ფესტივალზე, ვინ წარადგენს ქართული ლიტერატურის სტენდს გვადალახარაში და რა აქცენტებით გაგვაქვს ჩვენი მწერლობა ამ სივრცეში

ცხადია, გვაქვს კონცეფცია, ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე ქართველი ავტორი, რომელთა ნაწარმოებებიც ესპანურ ენაზეა თარგმნილი. საქართველოს მწერალთა კავშირს ექნება დიდი სტენდი წარმოდგენილი გვადალახარას წიგნის ფესტივალზე, სადაც ქართველი ავტორებიც გაემგზავრებიან. ქართველი ავტორების ნაწარმოებების ესპანურენოვანი თარგმანები ჩვენთვის საშუალება იქნება, შევაღწიოთ წიგნის ესპანურენოვან ბაზარზე, გავაცნოთ ჩვენი ავტორები მკითხველთა ესპანურენოვან საზოგადოებას.

 

  • რას ნიშნავს საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადება მთელი წლის განმავლობაში. რა ტიპის კავშირებსა და ცნობადობას მოგვიტანს ამ დიდი ესტაფეტას გადმობარება საერთაშორისო ლიტერატურულ სივრცეში

ეს ნიშნავს მსოფლიოს ყურადღების მომართვას საქართველოსკენ და ჩვენი ავტორების ნაწარმოებების თარგმანების კიდევ უფრო ინტენსიურად გატანას საზღვარგარეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმას, რომ საქართველოს ჰყავს საინტერესო თანამედროვე მწერლები, რომ აქ საინტერესო ლიტერატურული პროცესი მიდის და რომ ამ ქვეყანას აქვს უძველესი ისტორია, მათ შორის მწერლობის ისტორია, რაც კარგად უნდა გაიცნოს მსოფლიომ.

___

World Book Capital /წიგნის მსოფლიო დედაქალაქი დიდი პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალურმა კონფერენციამ დააარსა 2001 წელს. პროექტის მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარება, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლობების ხელშეწყობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი