ახალი ამბები

თალაკვაძე: პარლამენტი “გირჩის” მეფის სასახლე არასდროს გახდება

19 აპრილი, 2021 •
თალაკვაძე: პარლამენტი “გირჩის” მეფის სასახლე არასდროს გახდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “გირჩის” “ორიგინალური სტილი”გავლენას ვერ იქონიებს  პარლამენტის ტრადიციებსა და სამუშაო პროცესზე.

“პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს, და ის “გირჩის” არცერთი მეფის სასახლე არასდროს გახდება. “გირჩს” შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა ეს პარლამენტის ტრადიციებზე და სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, და ერთად დავინახავთ, რის გაკეთებას შეძლებს “გირჩი” პარლამენტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“გირჩი” პარლამენტში საქმიანობას “განსხვავებული ფორმატით” გეგმავს, კერძოდ ამბობს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება მანამ, სანამ „გირჩის” 7 წინაპირობიდან ერთ-ერთი არ დაკმაყოფილდება, ან “ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

“გირჩის” სამეფო იქნება აქ. 21 წლის წინ ვმუშაობდი პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში, და არა კომიტეტის სხდომებზე. ნებისმიერ კანონპროექტზე, რომელიც განიხილება კომიტეტის ფორმალურ სხდომაზე, მედიას ყოველთვის გეცოდინებათ “გირჩის” პოზიცია. რა მნიშვნელობა აქვს, კომიტეტის სხდომაზე გაიგებთ ამ პოზიციას თუ ჩემს ოთახში”, — განაცხადა, თავის მხრივ, ვახტანგ მეგრელიშვილმა.

“გირჩი”: თუ ჩვენი კანონპროექტი გავა კენჭისყრაზე, შევალთ და ღილაკს დავაჭერთ

მასალების გადაბეჭდვის წესი