„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პირადად ის ხელს მოაწერდა შარლ მიშელის შემუშავებულ დოკუმენტს.
კაპანაძის შეფასებით, დოკუმენტი იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ გარკვეული დაზუსტებებით ხელს მოაწერდა.
სერგი კაპანაძეს ამ ეტაპზე პარლამენტის მანდატი არ აქვს.
„მე რომ ვწყვეტდე, ხელს მოვაწერდი გარკვეული დაზუსტებებით. თუ, რა თქმა უნდა, სწორად მესმის და მელიას და რურუას ერთ კვირაში გათავისუფლება წერია და ადგილობრივ არჩევნებში ქოცების 43%-ზე მეტის ვერმიღების შემთხვევაში, ახალი არჩევნები ინიშნება.
ამ დოკუმენტით ოპოზიცია გაცილებით მეტს იღებს, ვიდრე ქართული ოცნება. გაცილებით მეტს. უპირველეს ყოვლისა კი, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი ამ შეთანხმების მიღწევა“, — წერს კაპანაძე პირად ფეისბუკ გვერდზე.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, „მეტის მიღებაც შეიძლება“ და ამ დოკუმენტის გაუმჯობესებას უნდა ეცადონ მომლაპარაკებლები.
„თუ არადა, თუ ეს არის შეთანხმების ბოლო შანსი, მაშინ დათანხმება იქნება სწორი. ამ დოკუმენტში რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, 20 ივნისის სრული ამნისტიაა. თუმცა ამნისტია მუხლებს ეხება და კონკრეტული მუხლების განსაზღვრისას უნდა მოხდეს დაკონკრეტება, ვინ იგულისხმება და ვინ არა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ თუ ოცნება მოინდომებს ამას, ისედაც გააკეთებს“, — აცხადებს კაპანაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა. მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.
იხილეთ დოკუმენტი სრულად: