ახალი ამბები

“ოცნება”: გვარამიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის სსკ საქმეებში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ

19 აპრილი, 2021 • 1381
“ოცნება”: გვარამიასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის სსკ საქმეებში საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ

“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას განცხადებით ეხმაურება, სადაც “ლელოს” დამფუძნებლებისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლისსამართლებრივ საქმეებზეც საუბრობს. მმართველი პარტიის შეფასებით, რადგან სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პარტია, ხოლო გვარამიამ ტელევიზია დააფუძნეს, მათი საქმეების შეფასებაში მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა მიიღონ.

“ვინაიდან არის ორი სხვა მიმდინარე საქმე – ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას – ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული”,-წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მმართველი პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, იმსჯელოს დოკუმენტში არსებულ ახალ პირობებთან დაკავშირებით. შარლ მიშელმა დღეს, 18 აპრილს, პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა. დოკუმენტში ორ სისხლის სამართლის საქემზეა საუბარი, რომელიც უნდა მოგვარდეს; ნიკა მელია და გიორგი რურუა.

დოკუმენტი ვრცლად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი