ახალი ამბები

20 ივნისის ამნისტია არ უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელეებზე — “სირცხვილია” მიშელის დოკუმენტზე

19 აპრილი, 2021 •
20 ივნისის ამნისტია არ უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელეებზე — “სირცხვილია” მიშელის დოკუმენტზე

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ შარლ მიშელის დოკუმენტს ეხმაურება და ამბობს, რომ შემოთავაზებული ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით არ უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელეებზე.

საქმე ეხება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებისთვის მომზადებულ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი კომპრომისული ნაწილიც 20 ივნისის მოვლენების დროს ყველა დაკავებულის ამნისტიაა.

„საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.

გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს“, — ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.

ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ შეთანხმება, რომელსაც საქართველოს სთავაზობს აშშ და ევროკავშირი, ამ მომენტში კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა და – „ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ,“.

„რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ.

უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა.
გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, — ნათქვამია მოძრაობის ღია წერილში.

მთავარ ფოტოზე: 20 ივნისის დარბევისას დაშავებული ფოტოგრაფი გურამ მურადოვი. ფოტო მისივე ფეისბუკის გვერდიდან.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 20 აპრილს პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა. მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

ნახეთ დოკუმენტი სრულად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი