ახალი ამბები

ვიმედოვნებ, მიშელის სამართლიანი შეთანხმება ყველას მიერ იქნება მიღებული – ვიოლა ფონ კრამონი

19 აპრილი, 2021 •
ვიმედოვნებ, მიშელის სამართლიანი შეთანხმება ყველას მიერ იქნება მიღებული – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პარტიებისთვის ახალი წინადადების შეთავაზებას ეხმაურება და ამბობს, რომ

“მესამე ჯერზე მომხიბვლელია. ვიმედოვნებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სამართლიანი, ზუსტი და საბოლოო შეთანხმება ყველას მხრიდან იქნება მიღებული. საქართველოს გულისთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა. ქართველები იმსახურებენ, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს”, — წერს ფონ კრამონი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი