“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ამბობს რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში პროგრესია, თუმცა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი მისთვის მისაღები არაა.
ბოკერია იმედოვნებს, რომ მიშელის დოკუმენტი დაკორექტირდება.
“ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში პოლიტპატიმრების არის, ის ტესტი მოცემული, რომელიც თუ სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას აკეთებს ვინმე მთავრობიდან, მელიას და რურუას გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდეს.
მეორე ასევე ძალიან კარგია, რომ განსხვავებით წინა დოკუმენტისგან გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად.
მაგრამ აქ ამ ვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ.
ტესტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, არის ჩვენთვის მიუღებელი. ან პირდაპირი შეთანხმება ან პლებისციტი. ეს იმ კალიბრის საკითხია, ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით”, — განაცხადა ბოკერიამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.
მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.
შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.