ახალი ამბები

გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან, უნდა გავაგრძელოთ შიდაკონსულტაციები – სამადაშვილი მიშელის დოკუმენტზე

18 აპრილი, 2021 • 490
გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან, უნდა გავაგრძელოთ შიდაკონსულტაციები – სამადაშვილი მიშელის დოკუმენტზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტს პარტიაში განიხილავენ.

მისი თქმით, მიშელის დუმენტი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა გარკვეულ საკითხებთან პრობლემები მაინც აქვთ.

“დღევანდელი დოკუმენტი არის გარკვეულწილად გაუმჯობესება იმასთან შედარებით, რაზეც იყო საუბარი უკანსკნელ მოლაპარაკებებზე. პოლიტპატიმრებთან მიმართებით ბევრად უფრო მკაფიოა მათი გათავისუფლების გზა და ვადამდელი არჩევნების თემაც აისახა დოკუმენტში. რაც შეეხება ჩვენს საბოლოო პოზიციას, ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს პრობლემები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც შემოთავაზებულ დოკუმენტში არის ასახული. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და შიდაკონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოო პოზიცია ენმ-სი. თუმცა, დღეს ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” იმ შეთანხმების ხელმოწერას, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები”, — განაცხადა სამადაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი