ახალი ამბები

გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

16 აპრილი, 2021 •
გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა

აქტივისტ გიორგი მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მუმლაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც გიორგი მუმლაძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, გირაოს 50%-ის გადახდის შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

“მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა სასამართლოში. არ გაიზიარა გარკვეულწილად ის ოდენობა, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა განსაზღვრული. ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობაც და, შესაბამისად, დადგინდა გირაო 3000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც გიორგი მუმლაძე გათავისუფლებდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაოსაგან. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო 50%-ის ანუ 1500 ლარის გადახდის შემთხვევაში დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. მჯერა, რომ დღესვე გადაიხდიან აქტივისტები თანხას და გიორგი მუმლაძე დღესვე იქნება ერთ საათში თავისუფალი”, — განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

14 აპრილს გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი