ახალი ამბები

“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

16 აპრილი, 2021 • 1327
“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მირზა ნოზაძის თქმით, ბიზნესმენ ილია ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებს აფინანსებდა, გუშინ გაავრცელეს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში. ამ ინფორმაციის თანახმად, ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის თავის დროზე მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის და წარსულში საქართველოში პრორუსულ პარტიებს აფინანსებდა, ამჟამად კი ნამახვანისჰესის საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული.

რა კავშირი აქვს ბიზნესმენს რიონის ხეობაში მიმდინარე აქციებთან? ამ საკითხზე განმარტება მირზა ნოზაძემ ნეტგაზეთთან გააკეთა.

ნოზაძის თქმით, ილია ძოწენიძე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ნამოხვანში ყოფნის დროს თავად მივიდა და განუცხადა, რომ წარმოშობით რიონის ხეობიდან იყო და სურდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგების მხარდაჭერა. ნოზაძის განმარტებით, ძოწენიძემ აქტივისტებს ასევე უთხრა, რომ ის რუსეთში მომუშავე ბიზნესმენია, რის შემდეგაც აქტივისტებმა უთხრეს, რომ მას პროცესის მხარდაჭერა შეეძლო მხოლოდ, როგორც პროტესტის რიგით მონაწილეს, რათა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არ გამოეწვია:

“მას არ შემოუთავაზებია დაფინანსება, ეს არის მცდარი. მან გვითხრა, რომ ის არის სოფელი რიონიდან, განიცდის ამ ყველაფერს, როგორც რიგითი ქართველი, და გვკითხა, რით შეუძლია ჩვენი მოძრაობის დახმარება და თქვა, რომ აქვს ასევე ფინანსური შესაძლებლობებიც. ჩვენ ვუთხარით, რომ მისი დახმარება იქნება მხოლოდ იმაში, რომ როგორც რიგითი წევრი, დადგეს ჩვენ გვერდით და ამ ფორმით გამოხატოს სოლიდარობა. ამ ფორმით ის გამოხატავდა სოლიდარობას აქამდე, გუშინაც და დღესაც დილით მოვიდა აქ”, – განაცხადა ნოზაძემ.

ნოზაძის თქმით, ილია ძოწენიძე აქციებზე აქტიურად დადის, თუმცა, მხოლოდ რიგითი წევრის სტატუსით, რადგან როგორც ყველა რიგით წევრს, მასაც აქვს უფლება ” დაიცვას ის პრინციპული საკითხები, რომელიც მათ აქვთ დაყენებული”. მისი თქმით, მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დაფინანსებას მხოლოდ ხალხისგან იღებს, რომელიც ასევე გამჭვირვალეა და ხელისუფლებას შეუძლია ფინანსების გადამოწმება.

“თუ ის [ძოწენიძე] მოღალატეა, მოგიწოდებთ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ამ თემით სპეკულირებს, გვაჩვენეთ ჩვენც, რომ გავდევნოთ აქედან. თუ ის მოღალატე არ არის, მაშინ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი უფლებები უნდა იყოს ამ ქვეყანაში დაცული. დემოკრატიამ ეს უნდა უზრუნველყოს”, – განაცხადა ნოზაძემ.

ვინ არის ბიზნესმენი ილია ძოწენიძე

ბიზნესმენ ილია ძოწენიძესთან ინტერვიუ ჟურნალმა “გზამ” 2020 წლის 10 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინტერვიუში ბიზნესმენი საკუთარ თავზე ჰყვება და ამბობს, რომ 90-იანი წელიბდან რუსეთში ცხოვრობს, ქვეყნიდან წასვლა კი შევარდნაძის მთავრობამ აიძულა, რადგან ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება რუსეთში მის საქმიანობას, ძოწენიძე ამბობდა, რომ 2002 წელს “გაზპრომში” დაიწყო მუშაობა. ასევე, ბიზნესმენი ინტერვიუში ჰყვება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან იცნობდა.

“ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან ვიცნობდი და საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი: თუ გინდა, სახელმწიფომ იარსებოს, ჩინოვნიკები და პარლამენტარები არ უნდა იყვნენ ბიზნესში-მეთქი. დღეს რა ხდება ქვეყანაში? პარლამენტარებს და ჩინოვნიკებს მარტო ფული აინტერესებთ, ასე კი ქვეყანა არ აეწყობა. ხელისუფლებას ხალხთან დიალოგი არ აქვს, ეს როგორ შეიძლება? ადამიანი ადამიანად რომ არ ითვლება, ამაზე მწყდება გული”.

ამავე ინტერვიუში ზოწენიძე ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილმა არ იცის”, თუმცა მას “სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაში დიდი როლი” მიუძღვის.

“ეს კაცი რომ მოგვეცილებინა, ამისთვის რესურსი არ დამიზოგავს. ხალხი ქუთაისიდან აქციებზე ჩემი სახსრებით ჩამომყავდა”, – ამბობს ძოწენიძე ინტერვიუში.

ძოწენიძის თქმით, სააკაშილის პრეზიდენტობის დროს, 2011 წელს, თბილისში დააკავეს და მისთვს თანხის წართმევას ცდილობდნენ, რაც არ გამოუვიდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი