ახალი ამბები

არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომ ნაგავში იქექებიან… მაგრამ პარიზშიც არის ეგ — ბოლქვაძე

15 აპრილი, 2021 •
არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომ ნაგავში იქექებიან… მაგრამ პარიზშიც არის ეგ — ბოლქვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საქსტატის მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი ცოტაა, თუმცა მთავრობა ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად მუშაობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში გაჭირვება არსებობს, თუმცა მსგავსი ვითარება “ბევრ ქვეყანაშია”.

“საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ეს ხომ ყველას გვესმის? ამიტომ სპეკულირება იმით, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო.

იცით თქვენ ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაში არის გაჭირვება… არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე ახლა ჩემს აზრს ვამბობ. იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ნაგავში ბევრჯერ იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ”, — თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, “მთავრობამ უნდა იმუშაოს, იზრუნოს იმაზე, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს” და ” ზრუნავს მთავრობა, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული… “ოცნების” მოღვაწეობის დროს სოციალურად უამრავი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული”.

ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე თქვა, რომ “ცოტაა 178 ლარი [საარსებო მინიმუნი], ნამდვილად ძალიან ცოტაა, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, ამისთვის არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი