ახალი ამბები

გოლეთიანის თქმით, გუმათჰესთან “დაპირისპირებული ჯგუფები” ჩადიან, აქციის მონაწილეები კონფლიქტს ემიჯნებიან

15 აპრილი, 2021 • 1083
გოლეთიანის თქმით, გუმათჰესთან “დაპირისპირებული ჯგუფები” ჩადიან, აქციის მონაწილეები კონფლიქტს ემიჯნებიან

“ნამახვანი ჰესის”  აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, გუმათჰესთან, სადაც ამჟამად აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, გარკვეული ჯგუფები ჩადიან, რომელთა შორისაც შესაძლოა კონფლიქტი განვითარდეს. მისი განცხადებით, აღნიშნულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შემთხვევაში ნამახვანის პროტესტის მონაწილეები კონფლიქტს ემიჯნებიან. ამის შესახებ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გოლეთიანის თქმით, აღნიშნული განცხადება იმისთვის გააკეთა, რომ ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შემთხვევაში ცხადი იყოს, რომ “ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ძალადობას ემიჯნებიან.

“თუკი სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ, ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, შევლენ პოლიციასთან დაპირისპირებაში, ჩვენ, ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. პოლიციამ თვითონ აღნიშნა წეღან, რომ ამ პროცესს არ გააკონტროლებს. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წინასწარ მათაც აქვთ შესაძლო დაპირისპირების ინფორმაცია, ამიტომ თვითონ შორს დაიჭირეს თავი. თუ ასეა, ჩვენ გავემიჯნებით მთელ ამ პროცესს და [პოლიცია] დარჩება ჩამოსული ჯგუფების პირისპირ”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, აქტივისტებს არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ აპირებს ჩასვლას გუმათჰესთან, თუმცა იციან, რომ ეს არიან “ჯგუფები, რომელთაც ისტორიულ კონტექსტში აქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება სხვადასხვა შემთხვევებში, სხვადსხვა აქციებზე”.

გოლეთიანის თქმით, ნამახვანის პროტესტის მონაწილეები კატეგორიულად ემიჯნებიან ნებისმიერი სახის ძალადობას.

“ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმესთან შევიდეთ დაპირპისირებაში. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ყველანაირი ტიპის ძალადობას და ცალსახად ვამბობთ, რომ არ გვინდა ვინმესთან პიროვნულად შევიდეთ დაპირისპირებაში. უბრალოდ, ვემიჯნებით, თუ ვინმე ახლა აქ ეცდება, რომ ჩვენს მოძრაობას მოსცხოს ჩირქი”, – განმარტა გოლეთიანმა.

მისი თქმით, აქტივისტები რკინის ბარიკადებისგან მოშორებით გადაინაცვლებენ, რათა ამ გზით გაემიჯნონ იმ ადამიანებს, “ვინც საჩხუბრად არის ჩამოსული”.

გუმათჰესთან აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად შეკრებილი არიან “ქართული მარშის” წარმომადგენლები. ადგილზე ჩასასვლას გეგმავს დომენიკ მანგოც.

მასალების გადაბეჭდვის წესი