ყოფილი მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, გამონაკლისის სახით გააუქმოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონი ვაქცინებზე, რათა დაჩქარდეს იმუნიზაციაზე გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მიმართვის 175 ხელმომწერს შორის ერთ-ერთი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნია. განცხადების ავტორებს შორის ასევე არიან ყოფილი მსოფლიო ლიდერები და ნობელის პრემიის ლაურეატები.
განცხადების ავტორების თქმით, სერიოზულად შეშფოთებულნი არიან ნელი პროგრესით COVID ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე ადამიანებისთვის, რომლებიც დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობენ.
წერილი, რომელიც ასევე მოიცავს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის და ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორ ჯოზეფ სტიგლიცის ხელმოწერებსაც, მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს, მხარი დაუჭიროს სამხრეთ აფრიკის და ინდოეთის ხელისუფლებების, ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთავაზებას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის დროებით გაუქმებას უკავშირდება ვაქცინებთან დაკავშირებით.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება აშშ-ში ეხება იდეებს, დიზაინსა და გამოგონებებს და დაცულია კონსტიტუციით. კანონი პირს აძლევს ექსკლუზიურ უფლებებს მის მიერ შექმნილ კონკრეტულ გამოგონებაზე, რაც ნიშნავს, რომ არავის სხვას არ შეუძლია მისი ნებართვის გარეშე შექმნას ასლი ან აწარმოოს აღნიშნული პროდუქტი.
განცხადების ავტორების თქმით, მსოფლიოს ახლა სასწრაფოდ სჭირდება გაიზარდოს ვაქცინების წარმოება და ქვეყნების მომარაგება. ასევე, აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯს აბრკოლებს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის- აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კანონის დროებით გაუქმება სასიცოცხლოდ აუცილებელია პანდემიის დასასრულებლად და მოუწოდებს, პრეპარატის დამზადების ტექნოლოგია საჯარო გახდეს.
“ეს ნაბიჯები გააფართოებს გლობალური წარმოების მასშტაბებს, რომელსაც აღარ დააბრკოლებს ინდუსტრიაში არსებული მონოპოლიები, რომლებიც ზღუდავენ მომარაგებას და ბლოკავენ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას. 10-დან 9 ადამიანმა ყველაზე ღარიბი ქვეყნებიდან შესაძლოა წლის განმავლობაში ვაქცინა ვერ მიიღოს. ბევრი ქვეყანა ვაქცინის მოლოდინში 2024 წლამდე მასობრივ იმუნიზაციას ვერ მიაღწევს, მიუხედავად ლიმიტირებული, თუმცა მისასალმებელი COVAX ინიციატივის შეთავაზებებისა” ,- წერია განცხადებაში.
გორდონ ბრაუნი აღნიშნავს, რომ კანონის მოქმედების შეზღუდვას თან უნდა ახლდეს გლობალური რამდენიმეწლიანი ვალდებულება, ვაქცინების დაფინანსებისთვის გაასაჯაროოს გეგმა ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.
მისი თქმით, ბაიდენმა ერთხელ აღნიშნა, რომ სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, არავინ იქნება უსაფრთხოდ და ახლა, დიდი შვიდეულის სხდომის წინ, უალტერნატივოა შესაძლებლობა, რომ აშშ-მა ითავოს ხელმძღვანელობა მსოფლიოში პანდემიის დასასრულებლად.
“ეს შედის აშშ-ისა და პლანეტაზე ყველა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშიც” ,- წერენ განცხადების ავტორები.