ახალი ამბები

“ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება” — კობახიძე გახარიას თანაგუნდელებზე

15 აპრილი, 2021 • 1088
“ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება” — კობახიძე გახარიას თანაგუნდელებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიიდან ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრების წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს  მათი მხრიდან არასწორი იყო.

კობახიძის თქმით, მსგავსი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება.

“სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამოც, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება”, — განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც “იმედი” ავრცელებს.


14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.

დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:

  • გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
  • ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
  • ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
  • შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
  • ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
  • მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)

2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბია. იმ დროს შს მინისტრი სწორედ გიორგი გახარია იყო. დარბევის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტების გარდა, გახარიას გადადგომას ოპოზიციაც ითხოვდა, თუმცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს. გახარიამ პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი