ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ მხარეები ხალხის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ აყენებენ – სახ. დეპარტამენტი

14 აპრილი, 2021 •
სამწუხაროა, რომ მხარეები ხალხის ინტერესებს საკუთარზე მაღლა არ აყენებენ – სახ. დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

აღნიშნული წერია ამერიკის დიპლიმატიური უწყების განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის 14 აპრილს გამართული საუბრის შემდეგ მოიპოვა.

ამერიკის ხმის ცნობით, განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაჟინებით სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველოს წინსვლის საშუალება მიეცეს“.

დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოხატავს და ამბობს, რომ დაპირისპირებული მხარეები ქვეყნის ინტრესებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა არ აყენებენ.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად ქართველი ხალხის ინტერესები გახადოს პრიორიტეტული. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი