ახალი ამბები

“სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა” – წილოსანი მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

14 აპრილი, 2021 •
“სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა” – წილოსანი მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს.

იგი სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში აცხადებს, რომ “მაყაშვილის გამბედაობა სამაგალითოა.”

“მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე, მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი”, – აცხადებს ნინო წილოსანი.

მისივე თქმით, “ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების ფონზე, განსაკუთრებით საშიშია ისეთი დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რომლებიც ამართლებს და იცავს მოძალადეს”.


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური, თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქალი ორსულად იყო. თავად ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი