ახალი ამბები

სოფელ გუმათთან გუშინ დაკავებული 1 დემონსტრანტი თავისუფალია, აქცია სასამართლოსთან გრძელდება

14 აპრილი, 2021 • 641
სოფელ გუმათთან გუშინ დაკავებული 1 დემონსტრანტი თავისუფალია, აქცია სასამართლოსთან გრძელდება

“ნამახვანი ჰესის” ერთ-ერთი მოწინაღმდეგე დემონსტრანტი, თემურ გოდოლაძე, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად გოდოლაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ წუთებში მეორე დაკავებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და “სასამართლო ადეკვატურად მოქმდებს”.

რაც შეეხება მისი დაკავების პროცესს, გოდოლაძის განცხადებით, გუშინ სოფელ გუმათთან აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, თუმცა მისთვის უცნობია დაკავების რეალური მიზეზი, რადგან, როგორც თავად ამბობს, არაფერს აშავებდა.

“წუხელი დამაკავეს, მაგრამ, მგონი, თავადაც არ იციან, რისთვის დამაკავეს, იმიტომ, რომ ვიდექი, არ მიმიყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ალბათ, არ მოვეწონე თვალში და მომიტაცეს, ჰაერში ამიყვანეს უბრალოდ, რისთვის, არ ვიცი. მივმართავდი, “რისთვის მაკავებთ” და პასუხი ვერ მივიღე, პირდაპირ ჩამსვეს მანქანში და წამომიყვანეს.

გვეუბნებოდნენ, გადადითო და გადასასვლელი გზა არ დაგვიტოვეს. მიგვიმწყვდიეს კედელთან და გვეუბნებოდნენ, გადიო, სად გავიდე – წინიდან ისინი [პოლიცია] გვაწვებიან, უკნიდან გასასვლელი არ არის. მიზეზიც არ ჰქონდათ, მიიღეს ბრძანება, უნდოდათ და დაგვაკავეს”, – განაცხადა გოდოლაძემ ჟურნალისტებთან.

“ნამახვანი ჰესის” მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან სასამართლოს შენობასათან გადაინაცვლეს. აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ დღეს ყველა დაკავებულს გაათავისუფლებენ. მან “ნეტგაზეთის” რეპორტიორს უთხრა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავად სასამართლოს წარმომადგენელმა მიაწოდა.

ამასთან, მისი თქმით, სასამართლოს წარმომადგენელმა ასევე უთხრა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან სასამართლოში ორი წარმომადგენელი შეძლებდა შესვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

მიმდინარე სასამრთლო პროცესზე დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად “ნეტგაზეთი” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი