ახალი ამბებიკომენტარი

1978 წელს საზოგადოებამ ქართული ენა დაიცვა – ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან

14 აპრილი, 2021 • 3811
1978 წელს საზოგადოებამ ქართული ენა დაიცვა – ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან

1978 წელს, საზოგადოების მღელვარებისა და თბილისში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაიფიქრა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნა. მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება აშკარა იყო, თუმცა, ცოტა თუ ელოდა ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც უზენაესი საბჭოს სხდომის დღეს — 14 აპრილს — თბილისის ცენტრში ენის დასაცავად გამოვიდა. 

დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე თამარ ჩხეიძე მაშინ 18 წლის იყო და სხვა სტუდენტებთან ერთად გეგმავდა 14 აპრილის დემონსტრაციას. ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში იხსენებს, რა მოხდა 1978 წლის გაზაფხულზე, როგორ შეხვდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას სტუდენტობა და როგორ გადაარჩინა ქართული ენის სტატუსი იმ პერიოდისთვის უპრეცედენტო წინააღმდეგობამ.

  • ქალბატონო თამარ, დავიწყოთ სულ თავიდან: მაშინ რა ფორმით იყავით ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში? უკვე დაწყებული იყო სტუდენტური მოძრაობების ფორმირების პროცესი?

გარკვეული სტუდენტური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა ასე პირდაპირ “სტუდენტური მოძრაობა” ამას არ ერქვა, რადგან ეს იყო, ზოგადად, ეროვნული და დისიდენტური მოძრაობის ნაწილი.

ჩვენ გვქონდა შექმნილი ჯგუფი, რომელიც ძირითადად სტუდენტებისგან შედგებოდა და ჰქონდა ორი მხარე: ერთი იყო დისიდენტური საქმიანობა, ანუ ღიად დგებოდა პეტიციები, მოვითხოვდით მთელ რიგ რაღაცებს… ამას ღიად ვაკეთებდით. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეც იყო საუბარი პეტიციებში, აფხაზეთის საკითხზე, ძეგლების დაცვაზე, მესხების საკითხზე, ენის უფლებების დაცვაზე და ა.შ.

ამავე დროს, იყო მოქმედებები, რომლებიც ხდებოდა იატაკქვეშეთში: სხვადასხვა ფურცლების, ჟურნალების, პროკლამაციების გამრავლება, მაგალითად. ეს ხდებოდა იატაკქვეშა მოძრაობის სახით. ასე რომ, ორი მხარე ჰქონდა მაშინ მოძრაობას. სხვა ასეთი ჯგუფებიც არსებობდნენ, ჩვენ გარდა.

  • თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა როგორ შეიტყვეთ, რომ 14 აპრილის სხდომაზე უზენაეს საბჭოს უნდა განეხილა კონსტიტუციის ვარიანტი, რომლითაც ქართული კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს? როგორი იყო მყისიერი რეაქცია სტუდენტების მხრიდან?

გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ მუხლი ამოღებული იქნა კონსტიტუციის პროექტიდან. ამით დაიწყო ყველაფერი. ამას მოჰყვა ძალიან სერიოზული პროტესტი, რომელსაც გამოხატავდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტების წარმომადგენლები… ფაქტობრივად, ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. შეიძლება, ცალკეული პირები არ იყვნენ ამ საქმეში, მაგრამ განწყობა იყო ერთიანობის სულისკვეთების შესაფერისი.

იმართებოდა სხვადასხვა შეკრება, რომლებზეც ფიქსირდებოდა ამ მუხლის აღდგენის მოთხოვნა. თავად რასაც შევესწარი, არის ის, რაც უნივერსიტეტში ხდებოდა, ჩვენს ფაკულტეტზე. სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთანაც გვქონდა კავშირი. ჩვენ შევადგინეთ პეტიცია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენა უნდა იყოს ქართული ენა და მოვითხოვთ ამის აღიარებას საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის მიერ.

სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ვთანამშრომლობდით. KGB ძალიან აქტიურობდა. ერთი ფაცი-ფუცი იყო შექმნილი. იმ დროისთვის ასეთი რამ არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტომ პანიკაში იყვნენ ჩავარდნილი. დაგვსდევდნენ, ჩემთან სახლშიც კი იყვნენ, ჩხრეკაზე.

შემდეგ რა მოხდა: KGB-ს ამ ფაცი-ფუცმა მათი მიზნის საპირისპირო შედეგი გამოიღო. ფაქტობრივად, ყველამ გაიგო, რომ რაღაც ხდებოდა. KGB ყველას აშინებდა, ატერორებდა, ეუბნებოდა, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ საქმეში, არ გასულიყვნენ მთავრობის სახლის წინ… ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომელ საათზე უნდა გამართულიყო 14 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ახალი კონსტიტუციის პროექტი.

KGB-ს მიერ მიღებულმა ზომებმა, რომელთა ფარგლებშიც აფრთხილებდნენ იგივე სკოლებს, რომ ბავშვები არ გაეშვათ, იბარებდნენ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ… კი, შეიძლება, იმ მომენტში ზოგიერთი შეაშინა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამოიღო უკუეფექტი, ვინაიდან მთელმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ რაღაც ხდებოდა. შედეგად, იმ დღეს[14 აპრილს], ძალიან ორგანიზებულად, დისციპლინირებულად, დაიძრა ხალხის უზარმაზარი რაოდენობა უზენაესი საბჭოს შენობისკენ, რუსთაველზე.

  • ტექნოლოგიური შესაძლებლობების სიმწირის პირობებში, ალბათ, გაცილებით რთული იქნებოდა როგორც ორგანიზატორთა შორის კოორდინაცია,  ისე — საზოგადოების ინფორმირება…

რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იყო ეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით — პირიქითაც. მაშინ საზოგადოებაში უფრო მეტი ინტერესი იყო. უფრო ცოცხალი საზოგადოება იყო, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. შემდეგი წლების ათასგვარმა კატაკლიზმებმა, რომლებმაც გადაიარა ქართულ საზოგადოებაზე, გამოიწვია ერთგვარი აპათია.

მაშინ გაცილებით ცოცხალი ინტერესი ჰქონდა საზოგადოებას ეროვნული გამოწვევების მიმართ და წინააღმდეგობის გაწევის იმუნიტეტიც მეტი გააჩნდა.

როცა არსებობდა ინტერესის საგანი, ზეპირსიტყვიერად თუ ტელეფონით, [ინფორმაცია] ვრცელდებოდა საზოგადოებაში. ამაში კიდევ, როგორც აღვნიშნე, KGB თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოგვეხმარა: მისმა აკრძალვებმა, რომ ხალხი არ გასულიყო გარეთ, საპირისპირო შედეგი გამოიღო.

  • მიჩნეულია, რომ 14 აპრილის დემონსტრაცია ძირითადად აკადემიის წიაღში სტუდენტების მიერ დაიგეგმა. საინტერესოა პროფესურის ჩართულობის საკითხიც. რა განწყობები იყო პროფესორებს შორის ახალგაზრდების გეგმებთან დაკავშირებით? გრძნობდით მათ სოლიდარობას?

კი, ვგრძნობდით სოლიდარობას, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან, უნივერსიტეტის KGB-სგან და ზოგადად, KGB-სგან, იყო დიდი წინააღმდეგობა… ლექტორების მხრიდან უფრო სოლიდარობა მახსოვს, ვიდრე წინააღმდეგობა.

  • თქვენ ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდით. უფრო მეტად რომელი ფაკულტეტების სტუდენტები გამოირჩეოდნენ მსგავს საკითხებში აქტიურობის კუთხით? თუ არ იდგა საკითხი ასე?

ჩვენი ფაკულტეტი გამოირჩეოდა უფრო აქტიურობით, კი. თუმცა სხვა ფაკულტეტებშიც იყო ეს აქტიურობა. აგრეთვე, ჩვენ კავშირი გვქონდა ისტორიკოსებთან, ისტორიის ინსტიტუტთან. სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ეს ინსტიტუტი გამოირჩეოდა აქტიურობით და მათთანაც, როგორც უფროს კოლეგებთან, გვქონდა კავშირი.

  • საბჭოთა საქართველოს პრესა როგორ აშუქებდა ამ პროცესს? ხომ არ გახსენდებათ პროპაგანდისტული გზავნილები დემონსტრაციამდე?

ოფიციალურ პრესაში არ მახსოვს, რომ პროპაგანდა ყოფილიყო. უფრო KGB იბარებდა ხალხს და აშინებდა. ოფიციალურ პრესაში მაშინ არ მახსოვს, თორემ მერე, 14 აპრილის შემდეგ, იყო რაღაც პუბლიკაციები, მაგრამ ეს უკვე შემდეგი წლების ამბებია, უფრო 80-იანი წლების დასაწყისში. საზღვარგარეთის პრესაში კი დიდი გამოხმაურება ჰქონდა 14 აპრილს. იყო დასავლურ პრესაში პუბლიკაციები.

  • უშუალოდ დემონსტრაციის დღე როგორ გახსოვთ? რომელი სცენები და ემოციები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

სხვადასხვა ადგილებიდან დაიძრა ხალხი, მაგრამ ვიცი, რომ მთავარი კერა მაინც უნივერსიტეტის პირველი კორპუსი იყო. როდესაც დიდი რაოდენობით ხალხს გადაუკეტა გზა მილიციამ, აშკარად იგრძნობოდა, რომ ისინი შინაგანად ამ ხალხის მხარეს იყვნენ.

რომც არ ყოფილიყვნენ, ამდენ ხალხს მაინც ვერ გაუმკლავდებოდნენ ძალის გამოყენების გარეშე და ძალის გამოყენების ბრძანება ჯერ არ იყო მოსკოვიდან. ისე ვერ მიიღებდნენ ზომებს, ცხადია.

თანაც, როგორც გითხარით, აშკარად ჰქონდათ თანაგრძნობა და წინააღმდეგობა მათი მხრიდან იყო საკმაოდ ფორმალური. ამიტომ, დიდმა მასამ გაიკვლია გზა მთავრობის სახლისკენ.

მე რაც მახსოვს, ემოციურ დონეზე, არის ის, რომ ხალხის ეს დიდი მასა გამოირჩეოდა უაღრესად დიდი წესრიგით. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მართალია, ჩვენ სხვა საკითხებიც გვაინტერესებს, იგივე პოლიტპატიმრების თემა, მაგრამ დღეს იყოს კონცენტრირებული ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ამ საკითხზე, რომ მივიღოთ შედეგიო. არაფერ სხვაზე არ გადადიოდა ყურადღება და თან იყო ძალიან დიდი წესრიგი. სხვათა შორის, საქართველოში გამოსვლებს ახასიათებს ეს. ვთქვათ, გვინახავს ტელევიზიით, რომ სხვა ქვეყნებში რაღაცებს ამტვრევენ, აზიანებენ… ასეთი რამ საქართველოში, ფაქტობრივად, არ ხდება და არც მაშინ მომხდარა.

პირველ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდეგ, გამოვიდა გარეთ შევარდნაძე და შემოგვთავაზა ფორმულირება, რომელიც არ იყო ჩვენთვის მისაღები და არ წარმოადგენდა წინა რედაქციის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. იყო რაღაც შუალედური. ის არ უდრიდა სახელმწიფოებრივ სტატუსს. ეს ფორმულირება დიდი აღშფოთებით უარვყავით იქ შეკრებილმა ხალხმა და შევარდნაძეც შებრუნდა უკან.

მერე, როცა გარკვეული დრო გავიდა, მოსკოვშიც, როგორც ჩანს, დარწმუნდნენ, რომ სისხლისღვრის მეტი ამ ხალხს აღარაფერი დაშლიდა: ან მოთხოვნის შესრულება, ან სისხლისღვრა. ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ეს მათთვის არ იქნებოდა მაინცდამაინც მომგებიანი, რის შემდეგაც გადაწყვიტეს დათმობაზე წასვლა. გამოვიდა ამის შემდეგ შევარდნაძე და გვითხრა, რომ აღდგენილია სახელმწიფო ენის სტატუსი ზუსტად იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ მოვითხოვდით.

განწყობა იყო საოცარი. ამის შემდეგ, არცერთი მიტინგის დროს, ასეთი განწყობა აღარ მინახავს. გამარჯვების და დიდი სიხარულის სულისკვეთება იყო. იმ დღეს ქართველმა ერმა უზარმაზარი მოქალაქეობრივი და ეროვნული თვითშეგნება გამოიჩინა. იქ არ იყო რაღაც სხვა ინტერესები, ამბიციები, ურთიერთბრძოლა თუ ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ეს იყო სუფთა, მართლაც ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული, ჩემი აზრით, სპონტანური და არა ერთი, კონკრეტული ძალის მიერ ორგანიზებული გამარჯვება.

  • მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით, ელოდით ხალხის იმ რაოდენობას?

რა მახსოვს, იცით? პირველად რომ გამოქვეყნდა პრესაში კონსტიტუციის პროექტი, რომლიდანაც ამოღებული იყო ეს მუხლი, ჩვენი ჯგუფი იკრიბებოდა ხოლმე ჩემთან სახლში. ამ ჯგუფის წევრებიდან ყველანი ვიყავით სტუდენტები, გარდა ერთისა. ეს იყო უფრო ასაკიანი ადამიანი, ავთანდილ იმნაძე. ავთომ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება დიდი დემონსტრაცია.

სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში მე ამის დიდი იმედი არ მქონდა… იმ დროისთვის ისეთი რაოდენობით გამოსვლა მართლაც უპრეცედენტო იყო. რამდენი ათასი იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან გრანდიოზული რაოდენობა გამოვიდა რუსთაველზე.

  • კომპრომისის იმედი თუ გქონდათ?

გვქონდა მოლოდინი, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გრანდიოზული მიტინგი შეიკრიბა, ეს იმედი, რა თქმა უნდა, გაძლიერდა.

მეორე მხრივ, იქ იყვნენ წინა თაობის წარმომადგენლებიც, რომელთაც ნანახი ჰქონდათ 1956 წლის [9 მარტის] სისხლისღვრა. ასე რომ, იცოდნენ, რომ დიდი საფრთხეც არსებობდა და ჯარის გადაადგილებაც შეინიშნებოდა მთავრობის სახლის უკან.

ეს საფრთხე იყო გაცნობიერებული, მაგრამ იმედიც იყო, რადგან ბევრნი ვიყავით.

  • დასავლურ პრესაში მაშინ დაიწერა დიალოგის შესახებ დემონსტრანტებსა და შევარდნაძეს შორის. ამ ცნობის თანახმად, შევარდნაძემ შეკრებილებს მიმართა, რას აკეთებთ , შვილებოო, რაც მყისიერად იუარეს ახალგაზრდებმა. თქვენ თუ გახსოვთ ეს მომენტი?

სხვათა შორის, მახსოვს ასეთი დიალოგი. შვილებოო, რაღაც ასე მოგვმართა. “რას აკეთებთ” არ მახსოვს, მაგრამ შვილებოო, რომ მოგვმართა, ეს მახსოვს. და [დემონსტრანტებმა] შესძახეს, არა ვართ შენი შვილებიო. იყო ასეთი მომენტი, კი.

  • როგორ ფიქრობთ, იმ დღეს ენის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე შეცვალეს თუ ცენტრის გადაწყვეტილების შედეგად?

არა, მაგის თეორიული შანსიც არ არის. ადგილობრივ დონეზე, სამწუხაროდ, ახლაც არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, თორემ მაშინ ეს უბრალოდ სასაცილო იყო. არაფერი წყდებოდა ადგილობრივ დონეზე, მით უფრო ასეთი მასშტაბის საკითხი.

რასაკვირველია, ეს გადაწყდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჩათვალა, რომ არ აწყობდა სისხლისღვრის მოწყობა და ჯობდა, დათმობაზე წასულიყვნენ. შეიძლება, ადგილობრივ დონეზეც არ აწყობდათ სისხლისღვრა, ეს ჩაეთვლებოდათ მინუსად და კარიერის თვალსაზრისით არ აწყობდათ… მაგრამ, [ზოგადად], ამ დონეზე ასეთი საკითხები არ წყდებოდა, ცხადია. გაცილებით უფრო უმნიშვნელო საკითხებიც არ წყდებოდა ადგილობრივ დონეზე.

  • როგორ ხედავთ 14 აპრილის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში? რას ფიქრობთ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ენის სტატუსის შეცვლას საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად? 

კომპრომისზე არწასვლა თითქმის გამორიცხული იყო, იმდენად დიდი რაოდენობის ხალხი იყო შეკრებილი. ახლა საქართველოში ბევრი ხალხის შეკრებაზე რეაგირება უფრო ნაკლებია მაშინდელთან შედარებით. გაცილებით უფრო უგრძნობია ზოგადად ხელისუფლება ხალხის ასეთი მასის პროტესტისადმი.

მაშინ, რაც უნდა პარადოქსი იყოს, კომუნისტური წყობის დროს იმდენად უჩვეულო იყო ხალხის გამოსვლა, თან ამდენი ხალხის, რომ თითქმის შეუძლებელი იყო [დათმობაზე არწასვლა]. ან უნდა დაერბიათ ეს ხალხი, ან წასულიყვნენ დათმობაზე. ვფიქრობ, ძირითადად ასე იდგა საკითხი და მათ ჩათვალეს, რომ ერჩიათ, დათმობაზე წასულიყვნენ.

ზოგადად, საბჭოთა კავშირს გამოხატული მიზანი ჰქონდა, რომ თანდათანობით ყველა ენა უნდა მოესპოთ და დარჩენილიყო რუსული ენა. ეს მიზანი მათ გამოკვეთილად ჰქონდათ. თუმცა ესმოდათ, რომ ამას ერთბაშად ვერ გააკეთებდნენ და ცდილობდნენ, ეტაპობრივად მიეღწიათ ამ მიზნისთვის.

სახელმწიფო ენის სტატუსის კონსტიტუციიდან ამოღება იმას არ ნიშნავდა, რა თქმა უნდა, რომ ისინი ქართულად ლაპარაკს აკრძალავდნენ. ამას ვერ იზამდნენ იმ ეტაპზე, რა თქმა უნდა. მაგრამ სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა უკვე აქეთ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა… 14-მა აპრილმა ამას ხელი შეუშალა არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა რესპუბლიკებში. არ მახსოვს, შეიძლება, სადმე იყო წინააღმდეგობა, მაგრამ ასეთი წინააღმდეგობა არ ყოფილა არსად.

საბჭოთა კავშირი მაინც ერთიანი ქვეყანა იყო და ვერ იზამდნენ იმას, რომ საქართველოში სხვა სტატუსი [ჰქონოდა ენას] და სხვაგან — სხვა. ასე რომ, ფაქტობრივად, ქართველებმა სხვა რესპუბლიკებსაც შეუნარჩუნეს სახელმწიფო ენის სტატუსი.

ფოტო: Formula TV

მასალების გადაბეჭდვის წესი