“ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრების “ქართული ოცნებიდან” გასვლას და ამბობს, რომ მაჟორატარ დეპუტატებს მანდატებიც უნდა დაეტოვებინათ და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.
სამხარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ 0% იყო და მას მთელი პარტია გვერდით დაუდგა და “დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა”.
“დავიწყოთ იმით, რომ… მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში იმ “სხვისის” გუნდის წევრები თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ.
მიუხედავად ამისა, იმ “სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ “სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ “სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის. მაგრამ სადაა მასე სიმართლე, კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს. ( წერტილი)”, — წერს სამხარაძე.
დღეს, 14 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.
დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:
- გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
- ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
- ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
- შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
- ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
- მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)
2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბია. იმ დროს შს მინისტრი სწორედ გიორგი გახარია იყო. დარბევის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტების გარდა, გახარიას გადადგომას ოპოზიციაც ითხოვდა, თუმცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს. გახარიამ პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.