“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა, აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდისთვის “სავაჭროდ შემოინახა”, თუმცა გათავისუფლების სანაცვლოდ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მელიამ დღეს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე!
ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!”, – წერს მელია.
მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მას დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ “ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან” ვეღარ იტყოდნენ, რომ მელია “პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს”.
ასევე, მელიას განცხადებით, მისი გათავისუფლების შემთხვევაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ “დეზიონფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა”.
“სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს. ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს.
ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელია.
აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა!”, – აცხადებს მელია.
მელიას თქმით, 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე ის ვერ იქნება, თუმცა საკუთარ მხარდამჭერებს ერთობისკენ მოუწოდებს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
ნიკა მელიას სასამართლო პროცეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავად მელიაც ესწრებოდა. დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, პროკურატურა კი — აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.