ახალი ამბები

პროკურატურა დავით კოდუას პატიმრობას ითხოვს

13 აპრილი, 2021 •
პროკურატურა დავით კოდუას პატიმრობას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას პროკურატურამ ბრალი წაუყენა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა კოდუას ოჯახის წევრების მიმართ განხორცილებულ ფიზიკურ ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, მან 11 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

“სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გუშინვე კოდუას ცოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ქმარს მასზე ფიზიკურად არ უძალადია და პირველი ჩვენების შეცვლა სურს.

“მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში. ძალადობა არ იყო, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. ფიზიკურად, უბრალოდ ისე… დავფრინავდით, მე ავაყირავე მაგიდა”, — განუცხადა ნათია გედევანიშვილმა ჟურნალისტებს.

გედევანიშვილს თვალთან აღენიშნება დაზიანება, რომელზეც ჟურნალისტებს უთხრა, რომ სავარძელს მიარტყა.

დავით კოდუა ცოლ-შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი