ახალი ამბები

კარასინი: მოხარული ვართ ღარიბაშვილის განცხადებით პოზნერის ვიზიტიზე

12 აპრილი, 2021 • 957
კარასინი: მოხარული ვართ ღარიბაშვილის განცხადებით პოზნერის ვიზიტიზე

რუსეთის ფედერაციის კრების ფედერალური საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარის, გრიგორი კარასანის განცხადებით, მოსკოვში „მოხარულნი არიან“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაწყებული პროტესტების თაობაზე. ამის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„[საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე] საუბარი ნაადრევია. რადიკალური მყვირალები საქართველოში (გავიხსენოთ ახლანდელი შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებენ. ეს სრულიად უმსგავსო ინციდენტი იყო. მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით დაბალანსებული და დამგმობი განცხადება გააკეთა“, — თქვა კარასინმა.

იმავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახალი თანამდებობის მიუხედავად კვლავ განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან. კარასინის განცხადებით, ამ ფორმატს „რიგ მნიშვნელოვან სფეროებში პრაქტიკული შედეგები მოაქვს“.

რა თქვა ღარიბაშვილმა?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის საქართველოში კანონის დაცვით შემოვიდა.

„ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აგრეთვე არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით, ეს იყო მისი კერძო ხასიათის მორიგი ვიზიტი. ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, მას და მის თანმხლებ პირებს ე.წ. კოვიდპასპორტი, ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე, შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში. რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში, რეგულაციების გაუთვალისწინებლად, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული პროტესტი ღარიბაშვილმა ენმ-სთან დააკავშირა და თქვა, რომ ენმ-მ მოვლენები თავის დღის წერსიგის ფარგლებში მოაქცია.

„მოგეხსნებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ — „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და, როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წერსიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ენმ-ის და სააკაშვილის მიზანია დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის  და, მოგეხსნებათ, რა დიდი მნიშვენელობა აქვს ამ ვითარებაში ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას. რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია ენმ-ის ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ფორმას“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.


რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში პირველი აპრილს, დილით გაბრუნდნენ.  მოგვიანებით პოზნერმა განაცხადა, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი