ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 •
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- ე მუხლებით დააკავეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციის მონაწილეები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირთათვის 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვენ.

“ჩვენ გვინდა, რომ შევიდეთ, გავესაუბროთ პასუხისმგებელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, რომ გალში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარნონ. გარდა იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არიან ტერორის და დამცირების მსხვერპლი, ქართული მხარეც უქმნის პრობლემებს, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ხუთდღიანი კარანტინის ფუფუნება, გადმოდიან მედიკემანტებზე, საკვებზე, გვიგზავნიან წერილებს, გვთხოვენ დახმარებას და გვინდოდა ამაზე საუბარი. თუმცა, დაგვიპირსპირეს ძალა”, — განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ხაზიდან გადმოდიან, 5-დღიან სავალდებულო კარანტინში ხვდებიან.

ნეტგაზეთმა 6 აპრილს გამოაქვეყნა მასალა, სადაც გალისა და ახალგორის მოქალაქეები დაწესებული კარანტინით შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ.

7 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, მდინარე ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ენგურის ტრაგედიაში გალის მოსახლეობისა და მკვლევრების ნაწილი, მათ შორის, 5-დღიან კარანტინს ადანაშაულებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი