იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს “დიქტატორი” უწოდა ანკარაში გამართული შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის დროსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სკამის გარეშე დარჩა. აღნიშნულ შეფასებას უპასუხა თურქულმა მხარემ, რომელმაც იტალიის მთავრობის მეთაური გააკრიტიკა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკავშირის ორ პრეზიდენტს — შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს — 6 აპრილს შეხვდა. შეხვედრების ოთახში, ევროკავშირისა და თურქეთის დროშებთან, იდგა მხოლოდ ორი სკამი, რომლებზეც ერდოღანი და მიშელი დასხდნენ. კადრების მიხედვით, მომხდარმა ფონ დერ ლაიენი დააბნია. საბოლოოდ მას იქვე მდგარ ტახტზე მოუწია დაჯდომა.
მომხდარის შეფასებისას იტალიის პრემიერ-მინისტრა მარიო დრაგიმ ჟურნალისტებს უთხრა:
“აბსოლუტურად არ ვეთანხმები ერდოღანის ქცევას პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის მიმართ… ვფიქრობ, ეს იყო შეუსაბამო საქციელი და ვწუხვარ იმ დამცირების გამო, რომელიც ფონ დერ ლაიენმა განიცადა”.
იტალიური “კორიერე დელა სერას” მიხედვით, მანვე დაამატა:
“ამ დიქტატორებთან ერთად — მოდით, ვუწოდოთ მათ ის, რაც არიან და რაც საჭიროა… გულწრფელი უნდა ვიყოთ საზოგადოების შეხედულებებისა და ხედვების მრავალფეროვნების გამოხატვისას. ასევე, მზად უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა”.
მცირე ხნის შემდეგ, იტალიის პრემიერის კომენტარების გამო, ანკარაში იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი “ტვიტერზე” დაწერა:
“მკაცრად ვგმობთ იტალიის არჩეული პრემიერ-მინისტრის, [მარიო] დრაგის მიუღებელ, პოპულისტურ დისკურსსა და მის მახინჯ და თავშეუკავებელ კომენტარებს ჩვენს არჩეულ პრეზიდენტთან დაკავშირებით”.
მანამდე, ჩავუშოღლუმ თქვა, რომ შეხვედრაზე სტუმრების მოთავსების საკითხი ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო პროტოკოლის მიხედვით დაიგეგმა, თურქეთი კი “უსამართლო ბრალდებების” ქვეშაა.
თურქეთის მტკიცებას, რომ შეხვედრის დაგეგმვისას ევროკავშირის პროტოკოლით იხელმძღვანელეს, თავად ევროგაერთიანებაში უარყოფენ. “გარდიანის” ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პროტოკოლის მიმართულების ხელმძღვანელი დომინიკ მარრო დასძენს, რომ ღონისძიებამდე, მოსამზადებელი შემოწმების დროს, მის გუნდს არ ჰქონია წვდომა ოთახთან, სადაც ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის აღმასრულებელ ფრთას ხელმძღვანელობს, შარლ მიშელი კი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ბლოკში შემავალი ქვეყნების ლიდერებს შორის კოორდინაციას უზრუნველყოფს.
თავად ფონ დერ ლაიენს ხსენებულ ინციდენტზე არ უსაუბრია, თუმცა ევროკომისიის სპიკერმა დასძინა, რომ პრეზიდენტი მომხდარით “აშკარად გაკვირვებული იყო, რაც ვიდეოეშიც ჩანს”. Politico-ს ცნობით, მამერმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი, ისე შარლ მიშელი, “ევროპული ინსტიტუციების პრეზიდენტები არიან და აქედან გამომდინარე, თანაბარ პროტოკოლურ რანგს ატარებენ”.