ახალი ამბები

ისრაელში ლეგალურად დასაქმების პირობები ქართველებისთვის

9 აპრილი, 2021 • 2642
ისრაელში ლეგალურად დასაქმების პირობები ქართველებისთვის

საქართველოს მოქალაქეების ისრალეში ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს, 9 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge გაივლის. სამინისტროს სსიპ-მა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი გახადა საჯარო, რაც ისრაელში დასაქმების მსურველმა მოქალაქეებმა უნდა დააკმაყოფილონ.

ამ ინფორმაციის თანახმად, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საშუალო სკოლა დამთავრებული;
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
  • ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
ზოგადი მოთხოვნები:
  • საქართველოს მოქალაქე;
  •  ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
  • სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ;
  • ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
  • ნასამართლეობის არმქონე;
  •  ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
  • არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
  •  არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
  • კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
  • კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).

სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელისა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42- საათიანი სამუშაო გრაფიკით შეადგენს 5300 შეკელს (1611 აშშ დოლარი). ამას გარდა, ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. სააგენტოს ცნობითვე, ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 1000-მდე სამუშაო კვოტა გამოყო.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ არის მოთხოვნებში წონა და სიმაღლე მითითებული და ამ კითხვით დასაქმების სააგენტოს პრესსამსახურს მივმართეთ, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი