ახალი ამბები

ისრაელში მუშაობას საქართველოს ათასამდე მოქალაქე შეძლებს — რეგისტრაცია 12 აპრილს იწყება

9 აპრილი, 2021 •
ისრაელში მუშაობას საქართველოს ათასამდე მოქალაქე შეძლებს — რეგისტრაცია 12 აპრილს იწყება

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge გაივლის.

ისრაელის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე არის შესაძლებელი.

დასაქმების პროგრამაზე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა იმსჯელეს.

„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1000-მდე ქართველისთვის, ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.

„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ჰქონდეთ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა და საშუალება. ჩვენ ისრაელთან ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებას ვიწყებთ ორშაბათიდან, რომლის ფარგლებშიც შინ მოვლის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება, ისრაელში დასაქმდნენ 1 წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ დასაქმების სურვილი, ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად დასაქმდნენ, არ დარჩნენ არალეგალურად და მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული იმ ქვეყანაში, სადაც მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი