ახალი ამბები

ვაშაძე ერთ-ერთი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელსაც სურს შეთანხმება — თალაკვაძე

9 აპრილი, 2021 • 720
ვაშაძე ერთ-ერთი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელსაც სურს შეთანხმება — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მიესალმება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას მოლაპარაკებების მესამე რაუნდათან დაკავშირებით.

თალაკვაძის თქმით, ვაშაძე ერთ-ერთია ოპოზიციიდან, ვისაც შეთანხმებას სურს.

“გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც, ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა, ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის. ჩვენ პრინციპულად მზად ვართ, რომ ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი, თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ჰქონდა ბოლო დიალოგში”, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ელის, რომ შეთანხმება შესაძლებელია ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან.

“მე მხოლოდ ვმსჯელობ მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებით. ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ძალიან პრინციპულ განცხადებას, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს ამ პირობებს, “ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებისთვის. ამიტომ ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, მზად ვართ დიალოგისთვის, თუ შეთანხმების შესაძლებლობა გამოიკვეთება”, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მომავალ კვირაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ან ახალ დოკუმენტს ელის. როგორც ვაშაძე ამბობს, ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია შექმნილი, დიდხანს ვერ გაგრძელდება და ჰაერში ვერ ჩამოეკიდება.

მესამე რაუნდზე განცხადება საერთაშორისო პარტნიორებსთვისაც გავაკეთე, რომ მზაობა ვაჩვენოთ – ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი