ახალი ამბები

2024-ში ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი პრეზიდენტთანაც არ განხილულა – ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 • 603
2024-ში ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი პრეზიდენტთანაც არ განხილულა – ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას  მეტი შეგნების გამოჩენა მოეთხოვება, ხელისუფლებას კი გარკვეულ საკითხებზე, სულ ცოტა, “წინასწარ გაფრთხილება”. ამ კონტექსტში ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი არათუ ოპოზიციასთან, პრეზიდენტთანაც კი არ განხილულა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები.

ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება.

მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემ გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი