ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი გალელებს მოუწოდებს, ენგურზე გამშვები პუნქტით ისარგებლონ

9 აპრილი, 2021 •
სოხუმი გალელებს მოუწოდებს, ენგურზე გამშვები პუნქტით ისარგებლონ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება 7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტს და გალელებს მოუწოდებს, “აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრით” ისარგებლონ.

“საგარეო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ და მოუწოდებს საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებლებს, გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი დადგენილ გამშვებ პუნქტებზე”.

აქვე სოხუმი თბილისს ადანაშაულებს მომხდარი ტრაგედიით მანიპულაციაში.

“გალისა და ტყვარჩელის რაიონებში მცხოვრები ოთხი ადამიანის დაღუპვამ, რომლებიც მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდნენ, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან აფხაზეთისა და რუსეთის მისამართით ბრალდების ტალღა გამოიწვია. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში აღნიშნული ტრაგიკული მოვლენა მორიგი ისტერიის საბაბი და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა”.

აფხაზური მხარი ცნობითვე, მომხდარის გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოები იძიებენ.

7 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყებამ რუსეთს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დააკისრა, რომელიც ზღუდავს ენგურის გამშვები პუნქტით გადაადგილებას. თუმცა თავად გალელები მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ, რომელმაც გალელებისთვის კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მოტივით 5-დღიანი კარანტინი ამ დრომდე არ გააუქმა, რის გამოც გალელებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად შემოვლითი გზებით სიარული და მდინარე ენგურის გადმოკვეთა უწევთ.

რაც შეეხება ენგურზე ერთადერთ გამშვებ პუნქტს, მისით სარგებლობა, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს [მათ შორის პენსიონერებს, შშმ პირებს, პაციენტებს] შეუძლიათ, თუმცა, ადგილობრივებისა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების განმარტებით, აფხაზი და რუსი მესაზღვრეებისთვის ქრთამის  [დაახლოებით, 3000 რუსული რუბლი – 120 ლარი] მიცემის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია პუნქტი გადაკვეთოს, თუმცა გალელები დროის დაზოგვის მიზნით ქართული მხარის მიერ დაწესებულ 5-დღიან კარანტინს თავიდან ირიდებენ და შემოვლითი გზებით სარგებლობენ.

ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი