ახალი ამბები

ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

8 აპრილი, 2021 •
ბათუმის მიტროპოლიტის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, პატრიარქის ძმისშვილის, დიმიტრი შიოლაშვილის რეზიდენციაში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა.

ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

„შეიჭრა ერთი პირი, რომელიც იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომელიც იქვე მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა, რომლებმაც თვითონვე იხილეს, თუ როგორ შეამტვრია კარი, გაანეიტრალეს“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ დეკანოზმა.

მის თანახმად, თავდამსხმელი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში და „ვერ ჩამოაყალიბა, რატომ ჩაიდინა ეს“.

პრესსპიკერის თანახმად, უცნობი პირი განყოფილებაში გადაიყვანეს. ინციდენტის შესახებ არავინ დაშავებულა.

მისი თქმით, პატრიარქის ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა.

კითხვაზე, ეს თავად თავდამსხმელმა თქვა თუ არა, დეკანოზი ამბობს:

„თავდამსხმელი ვერ აყალიბებდა აზრს. ამბობდა, არასათანადო დახვედრის გამო დავამტვრიე კარებიო. თუმცა, რას გულისხმობდა, არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში იყო, ვერავინ გაიგო“.

დეკანოზის ინფორმაციით, ინციდენტი 8 აპრილს, დაახლოებით დღის 4 საათისთვის მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი