ახალი ამბები

ნიდერლანდელი ძიუდოისტები საქართველოდან კოვიდ-ინფიცირებულები დაბრუნდნენ – მედია

8 აპრილი, 2021 •
ნიდერლანდელი ძიუდოისტები საქართველოდან კოვიდ-ინფიცირებულები დაბრუნდნენ – მედია

ნიდერლანდური მედია იუწყება, რომ ნიდერლანდების ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოდან კოვიდ-ინფიცირებული დაბრუნდა.

ეს ინფორმაცია 7 აპრილს გაავრცელა nos.nl-მა, ნიდერლანდური საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდმა.

მაუწყებლის ცნობით, ნიდერლანდების ძიუდოისტთა ნაკრები საქართველოში საერთაშორისო საწვრთნელ ბანაკში იმყოფებოდა, რა დროსაც ნაკრების წევრებს (რომელთა ვინაობაც არ სახელდება) კოვიდინფექცია დაუდასტურდათ.

„როდესაც დადებითი შედეგები მივიღეთ, დაუყოვნებლივ დავბრუნდით. მაგრამ, სამწუხაროდ, დავბრუნდით კოვიდ-დადებითი შემთხვევებით“, – ამბობს ნიდერლანდების ძიუდოს ფედერაციის მენეჯერი, პასკალ ბაკერი.

ბაკერის თქმითვე, მას არ უკვირს, რომ საწვრთნელ ბანაკში ვირუსი გავრცელდა, რადგან დაწესებული მკაცრი წესების მიუხედავად, ამ წესებს არ იცავდნენ: „ორგანიზაცია და ხალხი ნაკლებად ატარებდა ნიღბებს და დისტანცია ნაკლებად იყო დაცული“.

„ნაკლები შეზღუდვები იყო ტერასებსა და რესტორნებში, ჩვენმა ათლეტებმა და მწვრთნელებმაც გამოავლინეს ადამიანური ბუნება და [ასეთ მიდგომას] აჰყვნენ“, – ამბობს იგი.


8 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 286 406-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 849 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 447-ია, საიდანაც 2 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი