ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ისინი ოკუპაციის მსხვერპლნი გახდნენ – ღარიბაშვილი ენგურის ტრაგედიაზე

8 აპრილი, 2021 •
ისინი ოკუპაციის მსხვერპლნი გახდნენ – ღარიბაშვილი ენგურის ტრაგედიაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა და მომხდარში რუსული ოკუპაცია დაადანაშაულა.

„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ. რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

“მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.


გუშინ, 8 აპრილს, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქე დაიღუპა. ისინი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას.

ენგურის ხიდით სარგებლობა მოქალაქეთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას შეუძლია, მათ შორის პენსიონერებს.

გამყოფ ხაზს მიმღრმა მცხოვრები პირები, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ, სავალდებულო 5-დღიან კარანტინს გადიან ან სამკურნალო დაწესებულებაში ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი