ახალი ამბები

შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით – საგარეო კომიტეტი

8 აპრილი, 2021 • 1197
შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებით – საგარეო კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით”. კომიტეტის განცხადება მედიას მისმა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

“საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან ერთად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიესალმება ნატო-სა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტოდ არ დატოვებს”.

კიევის მხარდამჭერი განცხადებები გაავრცელეს პოლონეთის, ბალტიისპირეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოემა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”

ნეტგაზეთი ესაუბრა საქართველოს ყოფილ ელჩს უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილს. გთავაზობთ ინტერვიუს:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი