ახალი ამბები

წვეულებისთვის ფართის გაქირავება იკრძალება, დაჯარიმდება დამქირავებელი

8 აპრილი, 2021 •
წვეულებისთვის ფართის გაქირავება იკრძალება, დაჯარიმდება დამქირავებელი

მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით ფართის გაქირავება იკრძალება.

ამის შესახებ დღეს, 8 აპრილს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ “პირველ არხს” უთხრა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუ გამქირავებლისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად იყენებდა, ვალდებული იქნებოდა, ამის შესახებ შრომის ინსპექციისთვის ეცნობებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდებოდა.

თუმცა დღეს მთავრობა აღარ ამბობს, რომ დარღვევის შემთხვევაში გამქირავებელს დააჯარიმებენ.

ღიბრაძის თქმით, დადგენილებით ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

“თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულებელყოფა დაუშვებელია”,-განაცხადა ღიბრაძემ.

ღიბრაძე ასევე ამბობს, რომ დადგენილებით მფლობელი ვალდებულია, დამქირავებელს აცნობოს აკრძალვის შესახებ, სოციალური ღონისძიების გამართვის შემთხვევაში კი ფინანსური ჯარიმა უშუალოდ კანონის დამრღვევს, ანუ დამქირავებელს ეკისრება. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიური პირებისთვის 2000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 10 000 ლარია.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში იზღუდება  10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ქელეხი და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი