აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს და დააპატიმრეს, დღეს, 8 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში მისი გატაცების საქმეზე ჩვენებას მისცემს.
ამის შესახებ მუხთარლიმ და მისმა ადვოკატმა თბილისში, არჩილ ჩოფიკაშვილმა 8 აპრილს „თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ არ აქვს დიდი მოლოდინი პროკურატურისგან, რადგანაც მიიჩნევს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ამასთან, მუხთარლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს მთავრობას აღნიშნული „საქმის შესრულებისთვის ფული გადაუხადა“.
მუხთარლის განმარტებითვე, მას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი გამტაცებლები ფოტოსურათებით.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისმა გატაცებამ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა საქართველოს.
„რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბაქო მსგავს დანაშაულებს აქამდეც არ თაკილობდა“.
აფგან მუხთარლის თქმით, თბილისში დარჩენას 10-15 დღით გეგმავს. კითხვაზე, გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ, მუხთარლი პასუხობს: „თუ კიდევ გამიტაცებენ, გამიტაცონ“.
ჟურნალისტის განცხადებით, სიამოვნებით დარჩებოდა საცხოვრებლად თბილისში, მაგრამ „ჩამოსვლისას მიანიშნეს, რომ დიდხანს არ დარჩენილიყო“.
მუხთარლი – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.
მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.
მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.
მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.
აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში ასევე თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა. მუხთარლი მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად ასევე გერმანიაში, ოჯახთან გაემგზავრა.