ახალი ამბები

EU: მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა დახმარების მიღების პირობაა

7 აპრილი, 2021 •
EU: მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა დახმარების მიღების პირობაა

ევროკავშირი მიესალმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების ინიციატივას, თუმცა იმედგაცრუებულია პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ფართო კონსულტაციების გარეშე მიღების გამო.

ევროკავშირის მოუწოდებს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად ითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზენაესის სასამართლო — უმაღლესი სასამართლო ინსტანცია — უმაღლესი პროფესიული კომპეტენციის და კეთილსინდისიერი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის განკუთვნილი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პრესპიკერის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს, 86 ხმით დაამტკიცა “საერთო სასამართლოების შესახებ” და თანმდევ კანონებში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებს.

კერძოდ, საჯარო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები. იცვლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი და ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეადგენს არა კენჭისყრის შედეგად, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით. პარლამენტს წარედგინება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა კანდიდატს.

ამ თემაზე:

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი